როდის გაიხსნება და დაიხურება საარჩევნო უბნები 4 ოქტომბერს
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის, საარჩევნო უბნები 6 საათსა და 45 წუთზე იხსნება. (61-ე მუხლის პირველი პუნქტი, 764 -ე მუხლის მე-2 პუნქტი). 8 საათზე კი, დაიწყება კენჭისყრა კენჭისყრის შენობაში. (61-ე მუხლის მე-11 პუნქტი).
- 9 საათიდან 19 საათამდე მიმდინარეობს გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანში უნდა დაბრუნდეს არა უგვიანეს 20 საათისა. (66-ე მუხლის პირველი პუნქტი).
- 12 საათსა და 17 საათზე, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია გადათვალოს ამომრჩეველთა სიაში კენჭისყრის მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა და ეს რიცხვი შესაბამისი დროის მინიშნებით შეიტანოს საუბნო საარჩევნო კომისიის სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში. (65-ე მუხლის მე-6 პუნქტი, 766 -ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი).
- 20 საათზე იკეტება კენჭისყრის შენობა. ამ დროისთვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს, მათ რაოდენობას აცნობებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში აღნიშნავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა რაოდენობას. (65-ე მუხლის მე-8 პუნქტი).
- კენჭისყრის დღეს საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში და ძნელად მისადგომ ადგილებში შექმნილ საარჩევნო უბნებში საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრას დამთავრებულად აცხადებს 20 საათამდე ნებისმიერ დროს, თუ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა სიაში შეყვანილმა ყველა ამომრჩეველმა. (მე-60 მუხლის მე-6 პუნქტი).
საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი დაუყოვნებლივ, ოქმის შევსებისთანავე, თავის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებებით გაუგზავნოს ცესკოს. (71-ე მუხლის მე-14 პუნქტი)
ცესკო ვალდებულია უზრუნველყოს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა, მათ შორის, მისი დაუყოვნებლივ ცესკოს ვებგვერდზე განთავსებით. (76-ე მუხლის მე-8 პუნქტი)

