რა ეღირება წელს ყურძენი
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. ყურძნის იმ ჭარბ რაოდენობას, რომელზეც კერძო სექტორიდან მოთხოვნა არ იქნება, სახელმწიფო საწარმო, შპს ,,მოსავლის მართვის კომპანია“ დადგენილ ფასად ჩაიბარებს.
კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძნის ფასი 1,50 ლარი იქნება, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული სხვა საღვინე ჯიშების ყურძნის- 1,20 ლარი; არაკონდიციური ყურძნის, რომლის შაქრიანობა არ აღემატება 18%-ს – 1,00 ლარი, ხოლო დაზიანებულ/დაავადებული ყურძნის – 1,00 ლარი.
„საქართველოს მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილებით, ათასობით მევენახე-ფერმერს მევენახეობის საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა და ხარისხიანი ყურძნის წარმოების მოტივაცია ეძლევა, რაც უმნიშვნელოვანესია მეღვინეობის ინდუსტრიის განვითარების, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობისა და ექსპორტის ზრდისთვის. რთვლის ფარგლებში, საქართველოში მოწეული ყურძნის ჩაბარება/მიღება განხორციელდება სააგენტოს მევენახეობის კადასტრის ბაზის შესაბამისად“,- აღნიშნულია განცხადებაში.
ღვინის ეროვნული სააგენტოს გათვლებით, 2025 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 250-300 ათას ტონის ფარგლებშია.

