ფსიქიატრი, კარდიოქირურგი, ნეიროქირურგი – რომელია დეფიციტური საექიმო საქმიანობები საქართველოში
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დეფიციტურ საექიმო საქმიანობათა ნუსხა განსაზღვრა.
ამასთან, მინისტრის ბრძანებაში საუბარია, უმცროსი ექიმის სპეციალობაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების წესსა და პირობებზე.
კერძოდ, სპეციალობაში დასაქმებული უმცროსი ექიმის დიპლომის შემდგომი მზადების – რეზიდენტურის გავლის გარეშე სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების სამართლებრივ მექანიზმებზე, პირობებსა და შესაბამის პროცედურებზე.
რომელია დეფიციტური საექიმო საქმიანობები საქართველოში
როგორც ბრძანებაში ვკითხულობთ, 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე, პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, უმცროს ექიმს შეიძლება მიეცეს უფლება, არაუმეტეს ერთ დეფიციტურ საექიმო სპეციალობაში ჩააბაროს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა და მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება.
რაც შეეხება სამინისტროს მიერ განსაზღვრულ დეფიციტურ საექიმო საქმიანობებს, დღეის მდგომარეობით, ჩამონათვალი ასეთია:
ფსიქიატრია;
რადიაციული ონკოლოგია;
ბავშვთა გასტროენტეროლოგია;
პათოლოგიური ანატომია-კლინიკური პათოლოგია;
ბირთვული მედიცინა;
კარდიოქირურგია;
ნეიროქირურგია;
ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია;
ნეფროლოგია;
გადაუდებელი მედიცინა;
ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა;
ბავშვთა ინფექციური სნეულებები;
ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია;
ბავშვთა ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგია;
პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია;
ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია;
რევმატოლოგია;
სასამართლო მედიცინა.

