ახალი ამბები

მოთხოვნადი პროფესიები კოლეჯებში – გამოწვევები და შესაძლებლობები

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი პრიორიტეტს ანიჭებს უმაღლეს განათლებას, პროფესიული განათლება მაინც მოთხოვნადია.
ყველაზე პოპულარული მიმართულებებია მომსახურება, საინფორმაციო ტექნოლოგიები, მშენებლობა, წარმოება და კომუნიკაცია, რაც ასახავს თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს.
კოლეჯ ,,აისის” დირექტორის მალხაზ ასლამაზაშვილის განცხადებით, პროფესიულ სწავლებას ბევრი უპირატესობა აქვს. ის მოკლე დროში პროფესიული უნარების სწრაფად ათვისების საშუალებას იძლევა, რაც სამუშაო ბაზარზე ინტეგრაციის შესაძლებლობას ქმნის მოკლე დროში.
,,ჯამში გვაქვს 30-ზე მეტი საკვალიფიკაციო პროგრამა, მათ შორის მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამები, რომელიც უფრო არის მოქნილი თუნდაც დასაქმებული ადამიანებისათვის. კოლეჯს აქვს რამდენიმე მიმართულება. მევენახეობა-მეღვინეობა, ვეტერინარია, მეფუტკრეობა, ხილ-ბოსტნეულის გადამუშავება, მებაღეობა. ყველა არის დასაქმებადი ან თვითდასაქმებადი. ტურიზმის მიმართულებითაც გვაქვს პროფესიები, ეს არის კულინარიის ხელოვნება და სერვირება. გვაქვს საინჟინრო მიმართულებაც. კოლეჯი სწავლებას ახორციელებს 4 ლოკაციაზე: დედოფლისწაროს, ლაგოდეხის, ახმეტის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში. ოთხივეგან გვაქვს სხვადასხვა პროფესიები, რადგან მუნიციპალიტეტების მოთხოვნებს ვერგებით“.
კოლეჯში აქვს სწავლების რამდენიმე პროგრამა. ესენია იმიტირებული სწავლება, კოპერაციული სწავლება და დუალური პროგრამები.
,,სწავლებები მიმდინარეობს კეთებით რადგან სტუდენტს ჩამოუყალიბდეს სწორეთ ის პროფესიული უნარები, რომელიც ბაზრისთვის არის საჭირო. ეს პრაქტიკული კომპონენტი განსაკუთრებით მნიშვენლოვანია. ბაზარზე მორგებული პროგრამები გვაქვს. აქ სტუდენტს უყალიბდება ზუსტად ის უნარ-ჩვევები, რომელიც დამსაქმებელს სჭირდება. თეორიას გადის კოლეჯში, პრაქტიკულ ნაწილს საწარმოში“.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა რომ ბევრი რეფორმა განხორციელდა პროფესიული განათლების მიმართულებით, მაინც რჩება გამოწვევები. იგი სამ ძირითად გამოწვევას ასახელებს, რომელიც დღემდე მოუგვარებელია.
,,პირველი არის მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსი და ასევე, შრომის ბაზართან გარკვეულწილად შეუსაბამობა. რიგ შემთხვევებში, ბაზარზე ითხოვენ მეტ გადამზადებულ კადრს, თუმცა დღეს ამისი საშუალება არ გვაქვს რადგან არის გარკვეული კვოტები, რის იქითაც ვერ მივდივართ. შრომის ბაზართან შეუსაბამობის ნაწილში კი, ხშირად პროფესიული განათლების პროგრამები არ შეესაბამება იმ რეალურ მოთხოვნებს, რომელიც აქვს შრომის ბაზარს. ამ კონკრეტულზე, პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ, მიმდინარეობს მოქმედი სტანდარტების გადამუშავება რაშიც აქტიურად არიან ჩართულები დამსაქმებლები.
მეორე გამოწვევა გახლავთ პროფესიული განათლების პრესტიჟის ნაკლებობა. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული განათლება აღარ არის ისეთი როგორიც იყო ძველ დროს, საზოგადოებაში მაინც არსებობს გარკვეული სტერეოტიპები და პრიორიტეტს ანიჭებენ უმაღლეს განათლებას. ,,აისში“ გვყვავს სტუდენტების 10%-ზე მეტი, რომელმაც მიიღო უმაღლესი განათლება, თუმცა ვერ გაიკეთა კარიერა და ისინი აგრძელებენ სწავლას ჩვენთან.
მესამე გამოწვევა გახლავთ პედაგოგიური კადრების დეფიციტი რაც ასევე ძალზე მნიშვენლოვანია. კოლეჯებს, სპეციალისტების მოზიდვის მხრივ, განსაკუთრებული ძალისხმევა გვჭირდება. აქამდე არ არსებობდა სისტემა, რომელიც პროფესიული სასწავლებლებისთვის კადრებს მოამზადებდა, დღეს ეს სისტემა უკვე ინერგება და არსებობს“.

მისივე ინფორმაციით, კოლეჯში მოქმედი ყველა პროგრამა ორიენტირებულია შრომის ბაზარსა და დასაქმებაზე.
,,კოლეჯმა იცის შრომის ბაზარზე რა მოთხოვნებია. როგორც კი პროგრამა თავის რესურსს ამოწურავს, კოლეჯი სწრაფად იწყებს პროფესიათა დივერსიფიკაციას და მისი ახალი პროგრამებით ჩანაცვლებას. 300-ზე მეტ დამსაქმებელთან გვაქვს გაფორმებული ხელშეკრულება“.
მისივე განცხადებით, კოლეჯი ახალ სასწავლო წელს მნიშვნელოვანი სიახლეებით შეხვდა.
,,ჩვენი ინოვაციური სიახლეები მიზანად ისახავს რეგიონული განვითარების ხელშეწყობას და სტუდენტებისათვის ხარისხიანი განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას. ჩემი ოცნება იყო, რომ კოლეჯს საერთაშორისო პარტნიორები ყოლოდა და დანერგილიყო ბევრი გაცვლითი პროგრამა. ამას ძალიან მალე უკვე ვიხილავთ.“