არის თუ არა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების რეალური საფრთხე
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებისგან განახლებულ ინფორმაციას აგვისტოს ბოლომდე ელოდება. ევროგაერთიანების წარმომადგენლობა საქართველოში დამატებით წერილს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ თუ საკითხები გადაუჭრელი დარჩება, უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე რეალურია.
გადაწყვიტა თუ არა ევროკავშირმა საბოლოოდ უვიზო მიმოსვლა შეგვიჩეროს?
ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად ყველა წევრი სახელმწიფოს ერთსულოვნება საჭირო არ არის, საკმარისია კვალიფიციური უმრავლესობა – 27 წევრი სახელმწიფოდან 15 სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირის მოსახლეობის მინიმუმ 65%-ს წარმოადგენს.
ჰერჩინსკის თქმით, წელიწადში ერთხელ, ევროკომისია აქვეყნებს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ანგარიშს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის პრივილეგიით სარგებლობენ. კომისიის ბოლო ანგარიში, მათ შორის საქართველოსთვის, 2024 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა. შემდეგი ანგარიში შემოდგომაზე გამოქვეყნდება და მასში უახლესი მოვლენები აისახება.
ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმებთან დაკავშირებით და ამის საწინააღმდეგოდ ხელისუფლების მიერ გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„უვიზო მიმოსვლა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემაზეა დამოკიდებული. 2025 წლის იანვარში ევროკავშირმა შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის. 2024 წლის დეკემბერში ევროკომისიის ანგარიშში საქართველოზე სერიოზული შეშფოთება გამოითქვა. (ნაწილს ერთვის სრული ანგარიშის ბმული) „ევროკავშირის რეკომენდაციებია ფუნდამენტური უფლებების დაცვა და თავისუფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება. ანტიკორუფციული ძალისხმევის გაძლიერება. (ამ ნაწილს თან ერთვის რეკომენდაციების სრული სიის ბმული), – ნათქვამია ინფორმაციაში.
„ევროკავშირი საქართველოსგან ელოდება განახლებულ ინფორმაციას აგვისტოს ბოლომდე. თუ საკითხები გადაუჭრელი დარჩება შესაძლოა ამას უვიზო რეჟიმის სრული შეჩერება მოჰყვეს” – ელჩი.
პაველ ჰერჩინსკის განმარტება
ევროკავშირის ელჩის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას „რეაგირებისა და ზომების მისაღებად დრო აგვისტოს ბოლომდე აქვს”.
„წელიწადში ერთხელ, ევროკომისია აქვეყნებს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ანგარიშს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის პრივილეგიით სარგებლობენ. კომისიის ბოლო ანგარიში, მათ შორის საქართველოსთვის, 2024 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა. შემდეგი ანგარიში შემოდგომაზე გამოქვეყნდება და მასში უახლესი მოვლენები აისახება”.
ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი:
31 აგვისტომდე დაუდეს ვადა და რეალური კი არა, უეჭველია, რომ შეაჩერებენ, რადგან როგორც ვხედავთ, 31 აგვისტომდე ესენი რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებენ. რადგან ცვლილებებს არ აპირებენ, ეს პირობებია, რომლის შედეგადაც უნდა შეჩერდეს, ასე, რომ ამას წყალი არ გაუვა. ოღონდ ასე სწრაფად ვერ შეჩერდება.
,,დაჩქარებულ შემთხვევაში, სადღაც თვე-თვენახევარი დასჭირდება და ჩვეულებრივ რეჟიმში თუ წავიდა, სადღაც წლის ბოლომდე გაგრძელდება ეს ამბავი. პასუხის მერე უნდა შეიკრიბონ და განიხილონ პირობები შესრულდა თუ არა, ან რა შესრულდა და რა არა და ამასთან დაკავშირებით დასკვნა მიიღონ. ამის მერე ევროკომისიას დავალება უნდა მისცენ შეჩერების შესახებ, ამასობაში საელჩოები ვიზების გასაცემად უნდა მოემზადონ, მათ ხომ საქართველოში ეს სერვისები გაუქმებული აქვთ, ეს თავიდან უნდა შექმნან. როცა ევროკომისია შექმნის რეგულაცია-შესწორებას, მერე საბჭოს წევრების უმრავლესობამ უნდა დაამტკიცოს”, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
ნიკა სიმონიშვილი, იურიდიული სააგენტო ,,იუნითი“:
,,ვიზალიბერალიზაციის, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებას არ სჭირდება ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირში. ამისათვის ქვეყნების უმრავლესობის გადაწყვეტილება საკმარისია. მსგავსი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების რესურსი ევროკავშირში არსებობს რაც დაადასტურეს კიდეც”.
ანა პაჭიკაშვილი, ,,საქართველოს უდიები“:
,,2024 წლის არჩევნებზე დამოკიდებული იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. თუ არ ჩატარდებოდა სამართლიანი არჩევნები, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი არ გაიხსნებოდა და ამას ამბობდა ევროკავშირის ელჩიც. კანდიდატის სტატუსიც ამჟამად სამწუხაროდ, გაყინულია. უნდა გადავიდეთ ევროკავშირთან მოლაპარაკების ეტაპზე და 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა”.
რას გულისხმობს შეჩერების მექანიზმი?
ევროკავშირის კანონმდებლობისა და რეგულაციების თანახმად:
ამა თუ იმ ქვეყნისთვის სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხი შესაძლებელია წამოჭრას ევროკავშირის რომელიმე ქვეყანამ, ქვეყნების ჯგუფმა, ანდა თავად ევროკომისიამ.
• სავიზო ლიბერალიზაცია შესაძლებელია შეჩერდეს პირველ ჯერზე 9 თვით და შემდეგ, დამატებით – 18 თვით [ჯამში 27 თვე];
• 9-თვიან პერიოდში შესაძლებელია დაიშვას გარკვეული გამონაკლისები ადამიანების გარკვეული კატეგორიებისთვის; თუმცა 18-თვიანი პერიოდი „სრულ შეჩერებას“ გულისხმობს.
• შესაბამის აქტებს გამოსცემს ევროკომისია.
• ევროკავშირის საბჭოში საკითხი კვალიფიციური უმრავლესობით [55%] წყდება – საკმარისია 15 ქვეყნის თანხმობა 27 წევრიდან – ხმები უნდა მოიცავდეს ევროკავშირის მოსახლეობის 65%-ს].
რა არის შეჩერების საფუძველი?
დღეს მოქმედი წესებით, სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების საფუძველი შეიძლება გახდეს:
• უკანონო მიგრაციის, ვადის დარღვევისა და შესვლაზე უარის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა [50%-ზე მეტი];
• თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდა [50%-ზე მეტი] – დადებითი პასუხის დაბალი მაჩვენებლით [დაახლოებით 3-4%];
• რეადმისიის [უვიზო მიმოსვლის წესების დამრღვევთა დაბრუნება საქართველოში] შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი შემცირება;
• ევროკავშირის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების რისკების ზრდა, კერძოდ – სისხლის სამართლის დანაშაულის მაჩვენებლების მიხედვით.
რა დროს და როგორ ხდება უვიზო რეჟიმის გაუქმება?
თუკი სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების ჯერ 9- და შემდეგ 18-თვიანი ეტაპის ფარგლებში ევროკომისიის ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდება და ქვეყანა [რომელსაც სავიზო ლიბერალიზაცია შეუჩერდა] – პროგრესს არ აჩვენებს, შესაძლებელია დადგეს ამ რეჟიმის სრულად გაუქმების საკითხი.
ევროკომისიას შეუძლია შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით მიმართოს ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს [მინისტრების დონეზე]. განხილვა საჭიროებს ორდინარულ საკანონმდებლო პროცედურებს.
თუკი ევროკომისიის ინიციატივა დამტკიცდება – ქვეყანამ უვიზო მიმოსვლის მქონეთა სიიდან [Annex II] შესაძლოა გადაინაცვლოს იმ ქვეყნების სიაში [Annex I], რომელთა მოქალაქეებსაც ვიზები ესაჭიროებათ.
ევროკავშირის საკანონმდებლო რეგულაციების თანახმად, ორდინარული საკანონმდებლო პროცედურის დროს – საკითხს პარლამენტი და ევროკავშირის საბჭო პარალელურ რეჟიმში განიხილავენ.
გათვალისწინებულია საკითხის 3 მოსმენით განხილვა – როგორც ევროპარლამენტში, ასევე საბჭოში. პარლამენტს შეუძლია საბჭოს პოზიციის ჩაგდება და პირიქითაც.
სხვადასხვა ეტაპზე, საკითხს უბრალო უმრავლესობის [მომხრე მეტია მოწინააღმდეგეზე] და აბსოლუტური უმრავლესობის [სრული სიის უმრავლესობა] თანხმობა ესაჭიროება. თუკი შეთანხმებას სწრაფად მიაღწიეს, პროცესი შესაძლოა პირველი მოსმენის ეტაპზევე დასრულდეს.
როგორც შეჩერების, ასევე გაუქმების საფუძვლები მტკიცედ უნდა იყოს დასაბუთებული.

