ახალი ამბები

პროკურატურამ საგარეჯოში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის, რვა პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის, მასში მონაწილეობის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის რვა პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 ივნისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში, წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო ბრალდებულებმა დაპირისპირებულ მხარესთან შეხვედრა მოაწყვეს, რა დროსაც ფიზიკურად იძალადეს დაზარალებულზე და მის დასახმარებლად მისულ მამაზე. დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაზარალებულს ჭრილობები მიაყენა. მომხდარის შემდეგ ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენისას შემთხვევის ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა ბრალდებულმა იცოდა, რომ ჩადენილი იყო მძიმე დანაშაული, თუმცა მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.