ახალი ამბები

“ოცნებამ” მძღოლების და ქვეითებისთვის გამკაცრებული ჯარიმების შესახებ კანონი დაამტკიცა

პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა „ქართული ოცნების“ ინიცირებული ცვლილება, რომლის მიხედვითაც იმ შემთხვევაში, თუ პირი წვრილმანი ხულიგნობისთვის, სამართალდამცავისადმი დაუმორჩილებლობისთვის ან შეკრება-მანიფესტაციის ორგანიზების წესის დარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის, განმეორებითი სამართალდარღვევის შემთხვევაში მას ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრება.

ამ კვირაში ინიცირებული კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილა “ოცნების” პარლამენტმა და იგი უკვე მიღებულია.

მკაცრდება სანქციები მძღოლებისა და ქვეითებისთვის
პარლამენტმა „ქართული ოცნების“ ინიციატივით ავტოსაგზაო სამართალდარღვევებზე სანქციები გაამკაცრა. ცვლილებები ეხება როგორც მძღოლებს, ისე ქვეითად მოსიარულე პირებს.

იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული, 200-ლარიანი ჯარიმით დაისჯება (ადრე 100 ლარი). ასეთებად ჩაითვლება მაგალითად, გადაკეთებული მაყუჩის მქონე მანქანები.

პოლიციას ექნება უფლება, მძღოლი ჩამოაშოროს მართვას და ავტომობილი სპეციალურ სადგომზე გადაიყვანოს.

ციმციმა სიგნალები და ფერების დარღვევა:
თუ ავტომობილზე დამონტაჟდება არაკანონიერი ფერის ციმციმა სიგნალი, დაჯარიმება 2 000 ლარით მოხდება. ასევე გათვალისწინებულია ციმციმა სიგნალის კონფისკაცია და მართვის მოწმობის 15 ქულით შემცირება.

თუ იგივე ქმედება განმეორდება, ჯარიმა გაიზრდება 2 500 ლარამდე, ქულები კი 20-ით შემცირდება.

ე.წ. დრიფტი:
წესების დარღვევით მანევრირების (ე.წ. დრიფტის) შემთხვევაშიც დაწესდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა — ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ.

ქვეითად მოსიარულეები
თუ ქვეითმა გზის გადაკვეთისას დაარღვია წესები , 10 ლარის ნაცვლად 50 ლარით დაჯარიმდება. განმეორებითი დარღვევა – 100 ლარით.

თუ ქმედება ჩაიდინეს ავტომაგისტრალზე ან საერთაშორისო გზაზე – ჯარიმა იქნება 100 ლარი, ხოლო განმეორებითი დარღვევა – 200 ლარი.

ორივე კანონი “ოცნების” პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა.