ახალი ამბები

სააპელაციომ NGO-ების საჩივარი არ დააკმაყოფილა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიდან ინფორმაციის გამოთხოვაზე სააპელაციო სასამართლომაც დააკმაყოფილა.

შვიდი ორგანიზაცია აცხადებს, რომ კვლავ არ აპირებენ დააკმაყოფილონ ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნა და ბენეფიციართა პერსონალური ინფორმაცია გადასცენ.

“ჩვენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, კვლავ ვაპროტესტებთ ივანიშვილი/კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს უკანონო მოთხოვნებს, რომელიც კლანურმა სასამართლომ მორჩილად დააკმაყოფილა. 2025 წლის ივნისში ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით მოგვთხოვა პერსონალური ინფორმაციის მიწოდება ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანების – წამების მსხვერპლების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, მოსწავლეების, სტუდენტების, მასწავლებლების, პენსიონერების, შშმ პირების, მეწარმეების, მამხილებლების, ჟურნალისტების, დამკვირვებლების, უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეების შესახებ, ასევე ინფორმაცია ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით.

სააპელაციო სასამართლომ, რომლის თავმჯდომარე აშშ-სა და ბრიტანეთისგან სანქცირებული ჩინჩალაძეა, ჩვენი საჩივარი არ დააკმაყოფილა და გადაწყვეტილება სულ ცოტა 10 კანონის დარღვევით გამოიტანა. მოთხოვნები, მათ შორის, ეწინააღმდეგება: – საქართველოს კონსტიტუცია; – პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობას; – უფლებადამცველთა კონფიდენციალურობის საერთაშორისო სტანდარტებს; – ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.

კიდევ ერთხელ ცალსახად ვაცხადებთ, არ ვაპირებთ ჩვენი მოქალაქეების ნდობის ღალატს. არავის მივცემთ წვდომას იმ ადამიანების კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, ვისაც ჩვენ დავხმარებივართ. ჩვენ ანგარიშვალდებული ვართ მოქალაქეების და არა ივანიშვილის მიმართ. ჩვენს საქმიანობასთან, ფინანსებთან, პროექტებთან და საერთაშორისო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რისი გასაჯაროებაც არ იკრძალება კონსტიტუციით და სხვა კანონმდებლობებით, შეუძლიათ გაეცნონ ჩვენს ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებში, ამიტომ, ჩვენ მათ დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით. ივანიშვილი თავისი რეპრესიული პოლიტიკის ფარგლებში ქართული სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების განადგურებას პუტინის რუსეთის მსგავსად ცდილობს. ეს ივანიშვილის ანტიდასავლური პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის მოშლას და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების განადგურებას ემსახურება. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ რუსული კანონებით ცხოვრებას არ ვაპირებთ და ვაგრძელებთ ბრძოლას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად”, – წერია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

განცხადებაზე ხელს აწერენ:

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი ;
საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი;
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო;
საფარი;
საქართველოს მომავლის აკადემია;
მედიის განვითარების ფონდი;
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი