200 სახეობის ქართული ღვინო შანხაის კონკურსზე წარადგინეს
შანხაიში გამართულ ღვინის კონკურს Shangai International Wine Challenge-ის (SIWC) 5-დან ერთ-ერთი საკონკურსო დღე მხოლოდ ქართული ღვინის წარდგენას დაეთმო. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
SIWC-ი 2006 წლიდან, ყოველწლიურად ტარდება და წლევანდელ კონკურსზე 200 სახეობის ქართული ღვინო გახლდათ წარმოდგენილი. ღონისძიების ფარგლებში, ჩვენი ღვინის მასტერკლასი და დეგუსტაციაც გაიმართა.
კონკურსის ორგანიზატორია შანხაის ვაიგაოციაოს თავისუფალი სავაჭრო ზონა (Shanghai Waigaoqiao Free Trade Zone), მსაჯთა გუნდი შედგება 80-მდე ღვინის პროფესიონალისგან, ღვინო ფასდება ბრმა დეგუსტაციის პრინციპით, რაც უზრუნველყოფს პროცესის მაქსიმალურ ობიექტურობასა და გამჭვირვალობას. გამარჯვებული ღვინო ჯილდოვდება შემდეგ კატეგორიებში: პლატინა, ოქრო, ვერცხლი და ტროფი.
„ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია. ჩინეთი მყარად დამკვიდრდა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში.
მიმდინარე წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 1.4 მლნ ლიტრი ქართული ღვინო, რაც 65%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს“, – აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

