ახალი ამბები

თელავში, პოლიციელის მიერ დაჭრილი 65 წლის კაცი გარდაიცვალა

თელავში, პოლიციელის მიერ დაჭრილი 65 წლის კაცი გარდაიცვალა.

თავის არეში მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობით მამაკაცს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ორი დღის განმავლობაში მკურნალობდნენ.

ექიმების განმარტებით, დაჭრილი სტაციონარში კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს. კაცს ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაცია, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შემთხვევა სოფელ რუისპირში 25 ივნისს, ღამით, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მხრიდან, რომელიც იმავე სუფრასთან იმყოფებოდა, არასამსახურებრივი იარაღით, შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ, ჯერ რესტორნის მინა ჩაამსხვრია, შემდეგ კი სუფრასთან მყოფ შუახნის ლევან შამრელაშვილს მოხვდა. თვითმხილველებივე ინფორმაციით, მხარეებს შორის რაიმე სახის დაპირისპირება არ ყოფილა.

პროკურატურამ პატრულ-ინსპექტორი უკვე დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.