ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამააღლობელის საქმის განხილვა დაიწყო.

ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე ისაუბრეს მისი ინტერესების დამცველი ორგანიზაციის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენლებმა.

მათი ინფორმაციით, საქმეს შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენის სტატუსი (“Impact Case”) მიენიჭოს. როგორც საია-ში განმარტავენ, ამის შესახებ საუბარი თავად სტრასბურგის სასამართლოს კორესპოდენციაშია.

სტრასბურგის სასამართლომ მხარეებს ვრცელი შეკითხვებით მიმართა. პირველ ეტაპზე პოზიციის დაფიქსირების ვალდებულება აქვს სახელმწიფოს, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს კითხვებს მზია ამაღლობელის თავისუფლების უფლების და ამასთან კავშირში სხვა დარღვევებთან დაკავშირებით.

საია-მ მზია ამაღლობელის სახელით სტრასბურგის სასამართლოს 28 აპრილს მიმართა. საჩივარით მოთხოვნილია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევის დადგენა. მათ შორის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (კონვენციის მე-5 მუხლი), საქმის სამართლიანი განხილვის უფლება (კონვენციის მე-6 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (კონვენციის მე-8 მუხლი), გამოხატვის თავისუფლება (კონვენციის მე-10 მუხლი), კონვენციის მე-13 მუხლი მე-8 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაში (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები (კონვენციის მე-18 მუხლი).