ახალი ამბები

თუშეთში ტურისტული სეზონი იწყება

თუშეთში მდებარე საოჯახო სასტუმროებმა სტუმრების მიღება დაიწყეს.

ამ ეტაპზე, თუშეთში, კლიმატური პირობების გამო ტურისტების დიდი ნაკადი არ არის. შესაბამისად, დაბალი აქტივობა ფიქსირდება. მიუხედავად ამისა, სოფელ შტროლთაში მდებარე საოჯახო სასტუმრო mates space სტუმრების მისაღებად მზად არის. შტროლთა თუშეთის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე მყუდრო სოფელია.

როგორც დამფუძნებელი, მათე წვერაიძე აცხადებს, საოჯახო სასტუმრო მეორე წელია ბაზარზე ოპერირებს. აცხადებს, რომ კლიმატური პირობების გამო სეზონი ივლისიდან იწყება.

მისი ინფორმაციით, სასტუმრო შედგება 2 ოთახისგან და გათვლილია 8 ვიზიტორზე. სასტუმრო უზრუნველყოფილია სველი წერტილებით, კვების ბლოკით. არის კეთილმოწყობილი, ულამაზესი პანორამული ხედებით, საიდანაც 5 სოფლის ხედების დანახვას შეძლებთ.


თუშეთი, სოფელი შტროლთა

,,სოფელ შტროლთაში სახლის გაქირავების სერვისი გავაკეთე საოჯახო და სამეგობრო სივრცისთვის. იდეალური გარემოა ოჯახებისთვის. იმ ადამიანებზეა გათვლილი, ვისაც დასვენება და სიმშვიდე სურს. ვიზიტორები ძირითადად, ომალოში მიდიან და შესაბამისად, ივლისი და აგვისტო ცოტა ქაოსური მდგომარეობაა. ამიტომ, ვინც სიმშვიდეს არჩევს, შეუძლია გვესტუმროს ჩვენ. ტელეფონი იჭერს, თუმცა ინტერნეტი შეგნებულად არ გვაქვს”.

წლევანდელი სეზონისთვის ღირებულება შედარებით გაზრდილია. საოჯახო სასტუმროებში, 1 ღამე, ორჯერადი კვებით, 90 – დან 140 ლარამდე მერყეობს.

,,აქ ჯერ ცოტა ცივა, ამიტომ ნაკლები ჯავშნები შემოდის. აქტიურ სეზონს დავიწყებთ ივლისიდან სექტემბრის ნახევრამდე. ტურებიც ამ პერიოდში იწყება. რაც შეეხება ფასებს, ზოგმა სასტუმრომ შარშანდელთან შედარებით ცოტა გააძვირა – 10-დან 30 ლარამდე, თუმცა სტანდარტულად 90 ლარიდან იწყება და 130-140 ლარამდე მერყეობს. დიდ სასტუმროებში ფასები 250-დან 400 ლარამდეა.
ჩვენთან, ვიზიტორს შეუძლიათ, თავად იკვებონ ან მოიტანონ და ჩვენ გავუმზადოთ. ამ კუთხითაც კომფორტს ვუქმნით. არ ვზღუდავთ. რაც შეეხება სახლს, 250 ლარად ვაქირავებთ”.


თუშეთი, სოფელი შტროლთა

მისივე თქმით, მათ შეუძლიათ ტურისტების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა როგორც თბილისიდან, ასევე თელავიდან და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანიდან.

,,რაც შეეხება ტრანსპორტირებას, იგივეა ფასია რაც შარშან. ერთი ადამიანის ტრანსპორტირების ღირებულება შეადგენს 100 ლარს ახმეტიდან, ქვემო ალვანიდან. ტრანსპორტის დაქირავება 400 ლარი ღირს, სადაც 4 ადამიანი თავსდება. თუმცა შესაძლოა, 1 ან 2 ადამიანი წამოვიდეს, მაგრამ გადაიხადოს შესაბამისი ღირებულება სერვისით სარგებლობისთვის.
რაც შეეხება 3 დღიან ტურებს, ჩემთან, ერთ ადამიანზე 460 ლარი ღირს ორჯერადი კვებით. ეს მოიცავს სრულ პაკეტს – ტრანსპორტირებას, სასტუმროში განთავსებასა და შიდა ტურებს. ასევე, ვიზიტორებს ვთავაზობთ 6 კაციანი ტურების მოწყობას, სადაც ძირითადად, დამსვენებლის სურვილებს ვითვალისწინებთ”.