ახალი ამბები

კახეთში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა – ქეთი კვიჭიძე

„ერთი ადამიანით მეტიც რომ დავაინტერესოთ ჩვენით, უკვე დიდი მიღწევაა,“ – მიმდინარე ტურისტული სეზონისა და გასტროტურიზმის შესახებ “გასტრონომიული და რურალ ტურიზმის ასოციაციის” დამფუძნებელმა ქეთი კვიჭიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მან დადებითად შეაფასა მიმდინარე ტურისტული სეზონი და აღნიშნა, რომ მთის ტურიზმი კარგი ტემპით ვითარდება.

„მომატებულია ვიზიტორების რაოდენობა კახეთში. ზოგადად, მთის ტურიზმიც საკმაოდ კარგი ტემპით ვითარდება“ – აღნიშნა მან.

ქეთი კვიჭიძის თქმით, სწრაფი ტემპით ვითარდება გასტროტურიზმიც.

„ეს მიმართულება ტურისტებისთვის წლიდან წლამდე უფრო და უფრო საინტერესოა და ვფიქრობ, ეს პოტენციალი და შრომა, რასაც ვდებთ, ნელ-ნელა უფრო გამოიღებს შედეგს. სწორედ ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მიზანი – ერთი ადამიანით მეტიც რომ დავაინტერესოთ ჩვენით, უკვე დიდი მიღწევაა,“ – განაცხადა მან.

მისი თქმით, გასტროტურისტებს მოსწონთ ადგილობრივი არომატული პროდუქტები, რომლებსაც, როგორც ყველა აღნიშნავს, სხვანაირი გემო და სუნი აქვს. მისი თქმით, უცხოელ ტურისტებში ღვინოც მუდმივად დიდი მოთხოვნით სარგებლობს.

ქეთი კვიჭიძემ გასტროტურისტებში ყველაზე მოთხოვნადი კერძებიც დაასახელა.

„ყველაზე მეტად მოსწონთ ნიგვზიანი ბადრიჯანი, ასევე ხინკალი, ხაჭაპური, ნელ-ნელა მოიპოვა პოპულარობა ჩაქაფულმაც და ეს ფაქტი ძალიან სასიხარულოა,“ – განაცხადა მან.