ახალი ამბებიბლოგები

,,როცა შილდაში სახლის ეზოს სარეველები აავსებს, ეთერს გაახსენდება ციხის სივიწროვეში გამოკეტილი შვილიშვილი”- დათო სიმონია

გრაფიკული დიზაინერი და ილუსტრატორი დავით სიმონია 21 წლის თელაველი ახალგაზრდის, მათე დევიძეს დაკავებას ეხმიანება.

,,როცა შილდაში ერთი მოკრძალებული სახლის ეზოს სარეველები აავსებს, ეთერს გაახსენდება ციხის სივიწროვეში გამოკეტილი შვილიშვილი. ეზოს მოვლაში ის ეხმარებოდა. შემოანათებდა ჭიშკარში და ბებოს გულში იკრავდა. ამ დროს სარეველებისგან ეთერის გულიც თავისუფლდებოდა.

ახლა აღარ იცის ან ეზოს რა ეშველება, ან გულს, ან მის ქალიშვილს, რომელიც ემიგრაციის სიშორეშია გამოკეტილი. მუშაობს იქ. ფულს აგროვებდა. ერთ შვილს სწავლაში სჭირდებოდა შეშველება, მეორეს – გიტარის ყიდვაში, დედას კი ყველაფერს ერჩივნა ვარდებით სავსე თელავში შვილებთან ყოფნა.

ახლა დარდის სარეველები ძლივს ნაყიდ გიტარასაც ედება. სიმები ავი დუმილით დუმან, სარეველები კი ავი სისწრაფით იზრდებიან ეზოებში, გულებში, დანგრეულ სასამართლოში და ქვეყანაში, სადაც 21 წლის მათე დევიძეს ძლივს ნაყიდი გიტარა ენატრება”,-წერს დათო სიმონია.