მოსამართლემ თელაველ მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო გალუსტაშვილმა 21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
მათე დევიძე 19 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მას პროკურატურა სამი პოლიციელისთვის (ლევან კოდელაშვილი, გიორგი ესტატეშვილი, ბიძინა ჟამერაშვილი) ჯოხის დარტყმას ედავებოდა.
მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ მათე დევიძის და შეუძლოდ გახდა.
განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია მათე დევიძე, მან საბოლოო სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, სხდომათა დარბაზი დატოვა, რადგან განაცხადა, რომ ის “ამას ვერ მოუსმენდა”.
მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური და შეძახილები მოჰყვა სხდომათა დარბაზში. განაჩენის გამოცხადებას ესწრებოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.