ახალი ამბები

„მაყვლის მოსავლის აღება დავიწყეთ, 1 კგ-ის ფასი 25 ლარია“ – მეწარმე

„მაყვლის მოსავლის აღების პროცესი დაიწყო“ – ამის შესახებ კოოპერატივი „გილე“ ხელმძღვანელმა იზოლდა ქიტესაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პირველ ეტაპზე ნაადრევი ჯიშებიდან იღებენ მოსავალს.

კომპანიას მაყვლის ბაღები ამ ეტაპზე 2 ჰექტარზე აქვს გაშენებული, საიდანაც წელს ჯამში მინიმუმ 20 ტონა მოსავალს ელოდება. რაც შეეხება ფასებს, ქიტესაშვილის თქმით, ამჟამად ბაზარზე 1 კგ-ის ფასი 25 ლარია.

„მაყვლის მოსავლის აღების პროცესი დაიწყო, მცირე რაოდენობით არის, 50 კგ-ის რაოდენობა იკრიფება ნაადრევი ჯიშებიდან, ჩვენი გათვლებით, სულ მცირე 20 ტონას ველოდებით წელს. კლიენტები გვყავს, ადმინისტრირება კარგად მიდის, ზოგადად, ადრეული ჯიშის მაყვლის რაოდენობა ცოტაა ქვეყანაში. ამჟამად მოსავალი გვაქვს 2 ჰექტარზე. გაფართოებას რაც შეეხება, გააჩნია რა მდგომარეობა იქნება. 1 კგ-ის ფასი დაახლოებით 25 ლარია.
ექსპორტზე გასატანი რაოდენობა არ გვაქვს, ვფიქრობ, ადგილობრივ ბაზარს დავაკმაყოფილებთ. წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, არ არის საკმარისი რაოდენობა ექსპორტისთვის, მოთხოვნა არის, უნდათ დიდი რაოდენობის, თუმცა, ის რაოდენობა არ გროვდება, გასათვალისწინებელია ისიც, რომ არის ძალიან მალფუჭებადი პროდუქტი, აქედან გამომდინარე, ჯერ დასახვეწი და ჩამოსაყალიბებელია მაყვლის წარმოების პროცესისა და ექსპორტზე გატანის პროცესი. ძალიან მალფუჭებადი პროდუქტია, დამუშავება და სწრაფი შეგროვება სჭირდება, ჯერჯერობით ექსპორტი ვერ ხდება“,
– აღნიშნავს „ბიზნესპრესნიუსთან“ ქიტესაშვილი.

მანვე ისაუბრა მუშახელთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მაყვლის წარმოების მიმართულებით კადრების დეფიციტი არ არის ბაზარზე. რაც შეეხება დღიურ ანაზღაურებას, 60 ლარიდან იწყება.

„ჩვენ მუშახელი არ გვიჭირს, იმიტომ, რომ, უკვე გვყავს წლების განმავლობაში დაგროვილი კვალიფიცირებული მკრეფავები, რომლებიც უკმაყოფილოები არ არიან, წელსაც ელოდებიან მოსავლის სრულად შემოსვლას. გარდა ამისა, სეზონზე კახეთში, განსაკუთრებით კი ჩვენს რაიონში, სამეგრელო-იმერეთი-გურიიდან ჩამოდიან დამხმარე მუშახელი და ადგილზე საქმდებიან. ასე რომ, მუშახელი პრობლემა არ არის ნამდვილად. მათი დღიური ანაზღაურება მინიმუმ 60 ლარია“, – განაცხადა იზოლდა ქიტესაშვილმა.