ახალი ამბები

10 წელიწადში შობადობა განახევრდა – ყოველწლიურად 1 200-ით ნაკლები ოჯახი იქმნება

„ბოლო 10 წელიწადში შობადობა განახევრდა – ყოველწლიურად 1 200-ით ნაკლები ოჯახი იქმნება“ – როგორც „კვირის“ პრესკლუბში პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო – ძლიერი საქართველოს’’ პოლიტსაბჭოს წევრმა დეა მეტრეველმა და პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა ქეთი თურაზაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრეს, რეკორდულად მაღალია ემიგრაციაში მყოფი ადამიანების რაოდენობაც.

„საქართველოში სულ უფრო ნაკლები ბავშვი იბადება! 2014 წელს დაიბადა 60 000 ადამიანი, 2024 წელს – 39 483, ხოლო გარდაიცვალა 43 971. სიკვდილიანობამ 4 488-ით გადააჭარბა შობადობას“ – მათ მიერ მოყვანილი სტატისტიკით, ბოლო 10 წელიწადში ქვეყანაში შობადობა თითქმის განახევრდა.

ამავე ინფორმაციით, იზრდება განქორწინებების რიცხვი. 2013 წელს დაქორწინდა 34 700 წყვილი, ხოლო 8 000 განქორწინდა. რაც შეეხება 2024 წლის მონაცემებს – იქორწინა 21 653-მა წყვილმა, ხოლო 14 000 განქორწინდა.

„ყოველწლიურად საქართველოში 1 200-ით ნაკლები ოჯახი იქმნება“ – განაცხადეს მათ.

„2021-2024 წლებში საქართველოს 117 000 ადამიანი დარჩა ემიგრაციაში. ამავე პერიოდში უცხო ქვეყნის 124 000 მოქალაქე დარჩა საცხოვრებლად საქართველოში“, – განაცხადეს მათ „კვირას“ პრესკლუბში.