შორ მანძილზე მხოლოდ ავტობუსებით მგზავრთგადაყვანის რეგულაციის ამოქმედება გადაიდო
150 კმ-ზე მეტით დაშორებულ მანძილზე ავტობუსებით მგზავრთგადაყვანის რეგულაციის ამოქმედება გადაიდო – ამის შესახებ ირკვევა „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში შესული ცვლილებებიდან.
დოკუმენტის მიხედვით, რეგულაციის ამოქმედება 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდა.
„ქალაქებს (ქ. თბილისი, ქ. ქუთაისი, ქ. ბათუმი, ქ. ზუგდიდი, ქ. თელავი) და ასევე 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოემსახუროს მხოლოდ III კლასის არანაკლებ 35 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე M3 კატეგორიისა და მინიმუმ „EURO IV უსაფრთხო კატეგორიის“ ავტობუსი ან ავტობუსი, რომლის გამოშვების თარიღიდან გასულია არაუმეტეს 20 წლისა“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
შეგახსენებთ, საქალაქთაშორისო გადაყვანებთან დაკავშირებით რამდენიმე ახალი რეგლამენტი 2024 წლის განმავლობაში დამტკიცდა. რეგულაციებს შორის იყო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2025 წლის 1-ელი ივნისიდან საქალაქთაშორისო გადაყვანა შორ მანძილზე მიკროავტობუსებით ვეღარ განხორციელდებოდა.
კერძოდ, ცვლილების მიხედვით, თბილისიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან, ზუგდიდიდან, თელავიდან, ასევე, 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებული პუნქტებიდან მგზავრების გადაყვანა მხოლოდ M3 კატეგორიის ტრანსპორტით – ავტობუსით უნდა ყოფილიყო შესაძლებელი. ამასთან, მოთხოვნები განისაზღვრა ავტობუსებისთვისაც, კერძოდ, ტრანსპორტი მინიმუმ „ევრო 4“-ის სტანდარტის და 20 წელზე ნაკლები ასაკის უნდა ყოფილიყო.
მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში „ბიზნესპრესნიუსთან“ ინტერვიუში სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ რეგულაციის ამოქმედების გადადებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ, განაცხადა, რომ განიხილავდნენ ყველა შესაძლო ვარიანტს“. ახლა კი ირკვევა, რომ რეგულაციის 1-ლი ივნისიდან ძალაში აღარ შევა.

