თელავში მოქმედი საოჯახო მეღვინეობა „მილდიანი“ ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს
საოჯახო მეღვინეობა „მილდიანი“ ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის დირექტორის მოადგილემ მარია ვეშაპიძემ განუცხადა.
მისი თქმით, საოჯახო მეღვინეობა „მილდიანი“ აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენაში.
„სულ ახლახან წარმოდგენილები ვიყავით Tbilisi’s Whisky Festival -ზე, სადაც ბევრი ახალი რამ შევიტყვეთ, საკმაოდ ბევრმა ადამიანმა ნახა და დააგემოვნა ჩვენი პროდუქცია. როგორც იცით, ჩვენ ვაწარმოებთ მაღალალკოჰოლურ სასმელებს. გამოფენაზე ბრენდით და ჭაჭით ვიყავით წარმოდგენილნი. გარდა ამისა, ადგილზე მოსულ სტუმრებს შევთავაზეთ პორტვეინი, რომელიც ახალი პროდუქტია და გვაქვს მზა სახით, თუმცა ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმი გვაქვს და ვაკვირდებით მომხმარებლის რეაქციას. ახლო მომავალში კი ვფიქრობთ, რომ დავიწყებთ მის წარმოებას. გარდა ამისა, ვაპირებთ სხვა გემოების დამატებასაც“, – განაცხადა ვეშაპიძემ.
ცნობისთვის, კომპანია თელავში საქმიანობს. „საოჯახო მეღვინეობა მილდიანის“ ისტორია 1991 წელს იწყება, როდესაც ენთუზიაზმითა და მეღვინეობისადმი სიყვარულით სავსე ოთხი ძმა აფუძნებს კომპანიას, რომელიც მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა დღემდე იზრდება და ვითარდება. კომპანია თავის მრავალფეროვან, მაღალხარისხოვან და თანამედროვე სტანდარტების მქონე პროდუქციას წარმატებით ყიდის მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში.

