ახალი ამბები

საძოვრების იჯარით გაცემის მე-14 ეტაპის განაცხადების მიღება დაიწყო

საძოვრების იჯარით გაცემის მე-14 ეტაპის განაცხადების მიღება დაიწყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 21 მაისიდან ხელმისაწვდომია 8611.56 ჰექტარი საძოვრის იჯარით აღება. განცხადებების მიღება 27 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

სამინისტროს ცნობით, გამოქვეყნებულია 138 ერთეული (8611.56 ჰა) იჯარით გასაცემი საძოვრის მონაცემები. აქედან კახეთის შეადგენს 48 (3,930.22 ჰა).

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროგრამის 13 ეტაპის ფარგლებში, სულ გამოქვეყნდა 527 საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთის მონაცემები, საერთო ფართობით 50, 375.49 ჰა. დღეის მდგომარეობით, იჯარით გაცემულია 222 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 20, 760.85 ჰა. 55 მიწის ნაკვეთი (7,370.70 ჰა) გაიცა აუქციონის გზით, ხოლო 167 ერთეული (13, 390.15 ჰა) – პირდაპირი გადაცემის გზით.

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა 2021 წლიდან ხორციელდება. იგი მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. პროგრამა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს უწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დეგრადაციისგან დაცვასა და მეცხოველეობის დარგის განვითარებას.