ახალი ამბები

საიამ “ოცნების FARA” საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი, იგივე “ოცნების FARA”, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ისინი ითხოვენ როგორც კანონის ცალკეული მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობას, ასევე მისი მოქმედების შეჩერებას.

“ვითხოვთ, როგორც კანონის ცალკეული მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობას, ასევე კანონის შეჩერებას. მისი ამოქმედება მყისიერი საფრთხეა ორგანიზაციებისა და ინდივიდებისთვის, რომელთა საქმიანობაც, შეიძლება, უსაფუძვლოდ მოაქციონ კანონის რეგულირების ფარგლებში. შესაბამისად, არსებობს იმის აუცილებელი პირობა, რომ ეს სარჩელი განხილული იყოს სწრაფად და საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩეროს გასაჩივრებული ნორმები. სწორედ ამ მოთხოვნითაა წარდგენილი სარჩელი”, — განმარტა ქურდოვანიძემ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ “ოცნება” მუდმივად საუბრობს კანონის ამერიკულ კანონთან მსგავსებაზე, მისი პირდაპირი თარგმანი არ ნიშნავს, რომ ის ანალოგიურად გამოიყენება სხვა სამართლებრივ სივრცესა და პოლიტიკურ კონტექსტში.

“მოცემულ მდგომარეობაში, რომელშიც ვიმყოფებით, ცალსახაა მიზანი, რაც ხელისუფლებას აქვს, რომ სამოქალაქო საზოგადოება და მედიაორგანიზაციები, ასევე ინდივიდები შეზღუდოს”, — აღნიშნა საია-ს ხელმძღვანელმა.

რას ნიშნავს კანონის შეჩერების მოთხოვნა?

ეს იმას ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ, გადაწყვეტილების მიღებამდე, შესაძლოა, დროებით შეაჩეროს კანონის მოქმედება, რათა არ დადგეს გამოუსწორებელი ზიანი იმ ორგანიზაციებისა და პირებისთვის, რომლებსაც ეს კანონი შეეხება.

კანონმდებლობის მიხედვით, FARA 1 ივნისს უნდა ამოქმედდეს.