ახალი ამბები

კახეთი მსოფლიოში ღვინის საუკეთესო რეგიონებს შორის მოხვდა

მოდისა და მაღალი საზოგადოების ბრიტანულმა ჟურნალ Tatler-მა ღვინის 10 საუკეთესო მიმართულების რეიტინგი შეადგინა იმ ენოფილებისთვის (ღვინის შემფასებლებისთვის), რომლებიც ფრანგული ბორდოს და იტალიური ტოსკანას მიღმა მსოფლიოში სხვა ადგილებსაც ეძებენ.

10-ეულში მეშვიდე ადგილზე კახეთის რეგიონი არის დასახელებული.

რეიტინგი Tatler Asia-ს ვებგვერდზე ვრცელდება.

კერძოდ, გამოცემა წერს, რომ “ღვინის სამშობლოდ ფართოდ მიჩნეული საქართველო 8000 წელზე მეტია, ყურძენს ხშირად ქვევრში, მიწისქვეშ დამარხულ ტრადიციულ თიხის ჭურჭელში ადუღებს. კახეთში ქარვისფერი და ნათელი წითელი ღვინოები ამ ღრმად ფესვგადგმულ მემკვიდრეობას ასახავს,” – წერს Tatler.

გამოცემა რეგიონში მოქმედ მეღვინეობებს, „ხოხბის ცრემლებს,“ „თელიანის ველსა“ და „წინანდლის მამულს“ ასახელებს, რომლებიც, Tatler-ის შეფასებით, როგორც კაშკაშა ქარვისფერ ღვინოებს, ასევე, უძველესი ტრადიციების თანამედროვე ვარიაციებს აწარმოებენ.