ახალი ამბები

საქართველოში არაფორმალური დასაქმება გაიზარდა – როგორია სტატისტიკა

საქართველოში არაფორმალური დასაქმება გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს არაფორმალურად დასაქმებულთა წილი არასასოფლო-სამეურნეო სფეროს დასაქმებულებში 29.1%-ს შეადგენს. ეს კი ბოლო 4 წლის მაქსიმალური მაჩვენებელია. ამავე მონაცემების მიხედვით, 2023 წელს არაფორმალური დასაქმება – 27.6%-ს შეადგენდა; 2022 წელს – 28.4%-ს; 2021 წელს კი არაფორმალური დასაქმების წილი 28.8%-ს შეადგენდა.

ბოლო 5-წლიან პერიოდში არაფორმალური დასაქმების წილი ყველაზე მაღალი 2020 წელს, პანდემიის პირველ წელს იყო. მაშინ ეს მაჩვენებელი 31.7%-ს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ არაფორმალური დასაქმება მაღალია სოფლად, ვიდრე ქალაქში. კერძოდ, 2024 წლის მდგომარეობით, სოფლად ეს მაჩვენებელი 34.4% იყო, ქალაქად კი 26.8%.

სტატისტიკის სამსახურის განმარტებით, არაფორმალურ დასაქმებულად ითვლებიან არასასოფლო-სამეურნეო სექტორში მომუშავეები, რომლებიც თავიანთ სამუშაოზე არ იყვნენ ან ნაწილობრივ იყვნენ დაცული ფორმალური შეთანხმებებით (არ იხდიდა საშემოსავლო გადასახადს ხელფასიდან; დასაქმებულს არ შეეძლო ესარგებლა ანაზღაურებადი ყოველწლიური შვებულებით; დასაქმებულს არ შეეძლო ესარგებლა ანაზღაურებადი საავადმყოფო ფურცლით ავადმყოფობის შემთხვევაში; ან/და დამსაქმებელი არ იხდიდა საპენსიო ფონდში შენატანს) ან განსაზღვრავენ საკუთარი დასაქმების სტატუსს, როგორც ოჯახის საწარმოში/მეურნეობაში დამხმარე, ან მუშაობდნენ საწარმოებში, რომლებიც არ არის რეგისტრირებული.