გადავადდება თუ არა შორ მანძილზე ავტობუსებით მგზავრთგადაყვანის რეგულაციის ამოქმედება
1-ელი ივნისიდან ძალაში შედის რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, თბილისიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან, ზუგდიდიდან, თელავიდან, ასევე, 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებული პუნქტებიდან მგზავრების გადაყვანა მხოლოდ M3 კატეგორიის ტრანსპორტით – ავტობუსით იქნება შესაძლებელი.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში განუცხადეს, M3 კატეგორიის ტრანსპორტის ავტოპარკის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ და აღნიშნული შეფასების პროცესის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გადამზიდველების განებართვიანების პროცესის პარალელურად, მიმდინარეობს როგორც იმპორტირებული M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების, ისე გადამზიდველების მფლობელობაში არსებული რაოდენობის და ტექნიკური მდგომარეობის შეფასების პროცესი, შეფასების პროცესის დასრულების შემდეგ გამოიკვეთება, ქვეყანაში M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოპარკთან დაკავშირებული ერთიანი სურათი“, – აღნიშნეს სააგენტოში.
მოსალოდნელია თუ არა რეგულაციების ამოქმედების გადავადება, სააგენტოში აცხადებენ, რომ რეფორმის ეფექტურად მართვისთვის ყველა შესაძლო ალტერნატივას განიხილავენ.