ახალი ამბები

მაისის დღესასწაულებზე საქართველოში რუსების ჯავშნებმა 16%-ით მოიმატა

8-დან 11 მაისის ჩათვლით საქართველოს სასტუმროებსა და აპარტამენტებში რუსების დაჯავშნები, 1-4 მაისთან შედარებით, 16%-ით გაიზარდა.

ამის შესახებ სასტუმროებისა და აპარტამენტების ონლაინ-დაჯავშნის რუსულ სერვის „ოსტროვოკის“ კვლევის შედეგებში წერია, რასაც TASS ავრცელებს. საქართველო მეოთხე ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, რომლის მიმართაც მაისის სადღესასწაულო დღეების მეორე ნახევარში რუსების ინტერესი ყველაზე მეტად გაიზარდა. ამასთან, ქვეყანა ყველაზე პოპულარული მიმართულებების ტოპ 10-ეულშიც მეოთხე ადგილზეა, რომელშიც „ოსტროვოკი“ მეცხრე ადგილზე ცალკე აფხაზეთსაც ასახელებს. ყველაზე აქტიურები რუსები საფრანგეთის სასტუმროების დაჯავშნებში იყვნენ, რამაც 8-11 მაისს, წინა დღეებთან შედარებით, 38%-ით მოიმატა.
bpn-ის ინფორმაციით, მეორე ადგილზე არაბეთის გაერთიანებული საემიროებია, სადაც საანგარიშო პერიოდში სასტუმროების ჯავშნებმა 22%-ით მოიმატა, ხოლო მესამეზე +18%-ით იაპონიაა. შემდეგ საქართველო (+16%), აზერბაიჯანი (+8%) და სომხეთი (+7%) მოდის.

მაისის არდადეგების მეორე ნახევარში ყველაზე პოპულარული მიმართულებებია:
ბელარუსი
უზბეკეთი
თურქეთი
საქართველო
სომხეთი
ყაზახეთი
არაბეთის გაერთიანებული საემიროები
ტაილანდი
აფხაზეთი (საქართველო)
აზერბაიჯანი

მაისის არდადეგების მეორე ნაწილისთვის უცხოურ სასტუმროებსა და აპარტამენტებში დაჯავშნილი ღამის საშუალო ღირებულება 10,5 ათასი რუბლს (127 დოლარს) შეადგენს. 8-11 მაისს რუსების მთლიან ჯავშნებში საზღვარგარეთული განთავსების ობიექტების წილი 20%-ზე მეტია.