რა შეიძლება გახდეს უვიზო რეჟიმის შეჩერების საფუძველი
ევროკავშირის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი (VSM) იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ვიზალიბერალიზაციით სარგებლობენ, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას რამდენიმე ფაქტორის შემთხვევაში ითვალისწინებს.
კერძოდ, მექანიზმის თანახმად, შესაძლებელია, რომ ევროკავშირმა უვიზო რეჟიმი დროებით შეაჩეროს არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკების უეცარი და არსებითი ზრდის შემთხვევაში, ანუ მაშინ, როდესაც ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა (რომელიც სარგებლობს ვიზალიბერალიზაციით) აღარ აკმაყოფილებს შეთანხმების პირობებს.
დღეს მოქმედი წესებით, სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების საფუძველი შეიძლება გახდეს:
- უკანონო მიგრაციის, ვადის დარღვევისა და შესვლაზე უარის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა [50%-ზე მეტი];
- თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდა [50%-ზე მეტი] – დადებითი პასუხის დაბალი მაჩვენებლით [დაახლოებით 3-4%];
- რეადმისიის [უვიზო მიმოსვლის წესების დამრღვევთა დაბრუნება საქართველოში] შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი შემცირება;
- ევროკავშირის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების რისკების ზრდა, კერძოდ – სისხლის სამართლის დანაშაულის მაჩვენებლების მიხედვით.

