წელს ყურძნის სუბსიდირების პროგრამა იცვლება
2025 წლის რთველის პერიოდში სახელმწიფო ხარისხიან და უხარისხო ყურძენს სხვადასხვა ფასად ჩაიბარებს.
ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყურძენი ჩვენი იყოს მაღალი ხარისხის. იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოს უწევს ჭარბი ყურძნის შესყიდვა, ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი მეწარმე ცდილობს გაბევრების ხარჯზე რაოდენობის ზრდას, რაც მოქმედებს ხარისხზე. ჯერ დამუშავების საგანია მეთოდები, რომლითაც მოხდება ამ ყველაფრის შეფასება. თუმცა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც სახელმწიფო ჩაიბარებს ყურძენს, ხარისხიან ყურძენზე სხვა ფასი იქნება და სხვა – უხარისხოზე. ყურძენი უნდა იყოს ჯანსაღი, მოვლილი, არ უნდა ჰქონდეს ჭრაქი, ნაცარი თუ სხვადასხვა დაავადება,“-აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
მისივე თქმით, ყველა თანხმდება იმაზე, რომ თუ ბაზარი თავისით დაარეგულირებს ფასსაც და ხარისხსაც, საუკეთესო შემთხვევაა. თუმცა, როგორც ლევან მეხუზლა განმარტავს, არის ბევრი ფაქტორი, რომლის გამოც სახელმწიფო წლებია იღებს ყურძნის სუბსიდირების გადაწყვეტილებას.
“ჩვენ ის მევენახეები, რომლებსაც მოჰყავთ ხარისხიანი ყურძენი არ უნდა მივატოვოთ. წელსაც მოუწევს სახელმწიფოს რთველში ჩარევა, თუმცა ფასში საკმაოდ ხელჩასაჭიდი სხვაობა იქნება.”-აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
ლევან მეხუზლა ჯერ კიდევ გასულ წელს აცხადებდა, რომ რომ ყურძნის სუბსიდირება საჭირო აღარ იყო.
,,როგორც დარგის სპეციალისტი აღვნიშნავ, რომ უკეთესი იქნება და მივდივართ იქითკენ, რომ ყურძნის სუბსიდირება საჭირო აღარ იყოს, ამისთვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა არის ექსპორტის, ღვინოზე და ყურძენზე მოთხოვნის ზრდა. ნაბიჯ-ნაბიჯ ვამცირებთ სუბსიდირებას. გვინდა მივიდეთ იქამდე, რომ ეს დარგი იყოს მდგრადი და თვითკმარი”.
რაც შეეხება მევენახეებს, Knews-სთან საუბარში აცხადებენ რომ დარგის სუბსიდირება ჯერ კიდევ აუცილებელია. გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ნიკო ზარდიაშვილი ამბობს რომ
,,ყურძნის ფასი არასდროს არ იზრდება მარა მისი მოყვანა ყოველ წელს უფრო ძვირი ჯდება. ჯერ მარტო შხამ-ქიმიკატები და კიდევ უამრავი რამ ჭირდება მის მოყვანას. რაც დახარჯა გლეხმა იმასაც ვერ აიღებს. ყველამ იცის რა მოვლა უნდა ყურძენს, ასეთ დაბალ ფასად როგორ შეიძლება ჩაბარება?”.