ტურიზმის ადმინისტრაცია Jazz & Wine Kakheti-ს ფესტივალს ₾300 000-ით დაასუბსიდირებს – განკარგულება
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტულად მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებას – Jazz & Wine Kakheti-ს დაასუბსიდირებს. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განკარგულებიდან ვიგებთ.
დოკუმენტის მიხედვით, ეკონომიკის სამინისტროს სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ღონისძიებას 300 000 ლარით ნაწილობრივად დააფინანსებს. მიზანი შიდა ტურიზმის სტიმულირება და საქართველოში ტურისტების მოზიდვაა.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ჯაზ ფესტივალების ორგანიზატორი Eastern Promotions-ია. Tbilisi Jazz Festival-ის, Black Sea Jazz Festival-ის და Jazz & Wine Kakheti წელიწადის სხვადასხვა დროს იმართება და დედაქალაქსა და რეგიონებში მუსიკოსებსა და ჯაზის მსმენელებს იზიდავს. აქედან გამომდინარე BM.GE Eastern Promotions-ის თანადამფუძნებელს მიხეილ გიორგაძეს დაუკავშირდა, რომელიც აღნიშნავს, რომ ჯაზისა და ღვინის ფესტივალი შემოდგომით კახეთის რეგიონში ყოველწლიურად იმართება, სადაც ღვინის მწარმოებელი კომპანიებიც არიან წარმოდგენილები. მისი ინფორმაციით, 2025 წლის Jazz & Wine Kakheti-ს დეტალები ამ ეტაპზე ზუსტდება. რაც შეეხება აღნიშნული ფესტივალის სუბსიდირებას, მიხეილ გიორგაძე აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერა ყოველწლიურია.
„სუბსიდირებული თანხა ფესტივალის ბიუჯეტისთვის საჭირო ფინანსური რესურსის დაახლოებით 30%, ანუ ფესტივალის ორგანიზებისთვის 1 მლნ ლარამდე იხარჯება“, – აღნიშნა მან.