თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჭკვიანი სათბური დამონტაჟდა
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის პირველად, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჭკვიანი სათბური დამონტაჟდა.
სათბური მთლიანად უახლეს ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული და მეთვალყურეობას არ საჭიროებს. სათბური “ინოვაციური აგროტექნოლოგიების ინტეგრირება საგანმანათლებლო პროგრამებში” პროექტის ფარგლებში მოეწყო.
პროექტის ხელმძღვანელი, აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი მანანა კევლიშვილი ამბობს, რომ სათბურში სტუდენტები ბოსტნეულ კულტურებს გამოიყვანენ.
“ეს სათბური არის ჭკვიანი და თავად მართავს ყველა პროცესს. აგრონომიის მიმართულების სტუდენტები ბოსტნეულ კულტურებსაც გამოიყვანენ და სათბურში უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებასაც ისწავლიან. ეს ყველაფერი ჩვენს კურსდამთავრებულს, შეუცვლელ სპეციალისტად აქცევს”- განაცხადა კევლიშვილმა.
ამავე პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტში დრონების ლაბორატორიის მოწყობა და აგრონომიის სპეციალობაზე ახალი სასწავლო კურსის მომზადება იგეგმება. პროექტი ქართველი და ევროპელი პარტნიორებისათვის, კონკურენტული ინოვაციების ფონდმა (CIF) 535 ათასი ლარით დააფინანსა.