ახალი ამბები

აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელ ივლისამდე არ გაიხსნება

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 1-ელ ივლისამდე გახანგრძლივდა – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შესაბამის დადგენილებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა მოაწერა.

დადგენილების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 1-ელ ივლისამდე დარჩება ძალაში.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები 2020 წლის გაზაფხულიდან არის დაკეტილი. ბაქო აცხადებს, რომ კორონავირუსული პანდემიის გამო შემოღებულ საკარანტინო რეჟიმს გააგრძელებს მანამ, სანამ საჭირო იქნება.