„მეწარმეთა შესახებ“ კანონის ამოქმედება გადავადდა
მეწარმეთა შესახებ კანონის ამოქმედება კიდევ ერთხელ, ამჯერად 2026 წლის აპრილამდე გადავადდა.
შესაბამის ცვლილებებს, რომელიც პარლამენტში გამარტივებული წესით არის წარდგენილი “ქართული ოცნების” ერთპარტიულმა პარლამენტმა დღეს 18 მარტს მხარი ერთხმად დაუჭირა.
კანონის თანახმად, 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ საწარმოს 2025 წლის 1 აპრილამდე უნარჩუნდებოდათ შესაძლებლობა, უზრუნველეყოთ სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა, რისთვისაც მან უნდა წარედგინა დამფუძნებელთა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საწარმოს 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული ბოლო წესდებით, საერთო კრების გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრული ზოგადი წესით დადგენილი ხმათა რაოდენობით.
“ოცნების” დეპუტატების განმარტებით, მიზეზი იყო ის, რომ ბიზნეს სექტორი ისევ არ არის მზად ცვლილებებისთვის.
როგორც მომხსენებელმა, “ქართული ოცნების” იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონი 2022 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა და თავდაპირველად გათვალისწინებული იყო ორწლიანი გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც, კანონის მიღებამდე რეგისტრირებულ შესაბამის მეწარმე- სუბიექტებს უნდა მოეყვანათ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემები.
„უნდა აღინიშნოს, რომ ერთხელ უკვე მოხდა ამ გარდამავალი პერიოდის გადავადება და მიმდინარე რეგულირების პირობებში 2025 წლის პირველი აპრილია ის ბოლო თარიღი, როდესაც შესაბამის მეწარმე-სუბიექტებს უფლება ექნებათ საკუთარი სარეგისტრაციო მოთხოვნების „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მოთხოვნებთან ჰარმონიზაცია მოახდინონ. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ ძალიან მაღალია იმ სუბიექტების რიცხვი, რომელთაც არ მიუმართავთ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის სათანადო განცხადებებით და ეს პროცესი დაწყებული არ არის – საუბარია დაახლოებით 280 000 სუბიექტზე, გთავაზობთ მოხდეს გარდამავალი პერიოდის გახანგრძლივება დამატებით ერთი წლის ვადით, 2026 წლის პირველ აპრილამდე“, – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.