მუნიციპალიტეტმა ნარჩენების სეპარირება ამ დრომდე ვერ დაიწყეს
“დღევანდელი მდგომარეობით ნარჩენების ცირკულარობა 1,3 %-ია, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია”- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა გასულ კვირას განაცხადა. მისი თქმით, მაჩვენებელი დაბალია, თუმცა არსებობს პოტენციალი.
„საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრები“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე bm.ge-სთან ამბობს, რომ რეფორმა წარმატებული იქამდე ვერ იქნება, სანამ ნარჩენების სეპარირების პროცესი არ დაიწყება. სახელმწიფო დადგენილ ვადებს ყოველ ჯერზე ახანგრძლივებს, რადგან მუნიციპალიტეტები ნარჩენების სეპარირებას ვერ იწყებენ. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია ამ კუთხით ხარჯების დათვლა მოხდეს და მუნიციპალიტეტების დონეზე დაიწყოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, წინააღმდეგ შემთხვევაში ცირკულარულ ეკონომიკაზე საუბარი აზრს კარგავს.
“ყველაზე კარგად აღჭურვილი ტექნიკით არის თბილისი, მაგრამ თბილისსაც კი უჭირს სეპარირების დაწყება. ვხედავთ, რომ ისევ და ისევ პრობლემების წინაშე ვდგავართ. ეს არ არის მხოლოდ მოსახლეობის თვითშეგნებაზე დამოკიდებული. პრობლემა ისაა, რომ აქ ერთდროულად უნდა ყოფილიყო პროცესები დაწყებული. როცა ჩვენ დავიწყეთ კამპანია ნარჩენების სეპარირებაზე, მოსახლეობაც წამოგვყვა ამაზე, უბრალოდ როცა ის მიდის ურნასთან და ხედავს, რომ სეპარირებულად კი შეაგროვა ნარჩენი, მაგრამ ეს ყველაფერი მერე ერთ მანქანაში იყრება და მიდის, ეს მისთვის უკვე მიუღებელია. დღესაც გვაქვს სეპარირების მცდელობები ბათუმში, ქუთაისში, თბილისში შეეცადნენ, მაგრამ ბოლომდე ვერ გამოსდით. რაღაც ელემენტები გაგვაჩნია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ამიტომ ვამბობ, რომ მნიშვნელოვანია კარგად დაგვეთვალა ყველაფერი.”- აცხადებს „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრები“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე