პროკურატურა ადასტურებს, რომ ფონდები მიმდინარე პროტესტის გამო დააყადაღა
საქართველოს პროკურატურის ცნობით, ფონდები, რომლებიც პროევროპული აქციებისას დაზარალებულებს ეხმარებოდა, საბოტაჟის შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააყადაღეს.
საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება „საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებაზე“, სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 3211 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
პროკურატურა ირწმუნება, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, საქართველოს პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებმა და მარშებმა მიიღო ძალადობრივი ხასიათი.
„გამოძიებით დადგენილია, რომ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებისთვის ხშირ შემთხვევაში ფინანსური სახსრების შეგროვება და მიწოდება ხორციელდება ე.წ. „ფონდების“ მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ დასახელებული ორგანიზაციები პირდაპირ წარმართავენ თანხებს უკანონო ღონისძიებების დასაფინანსებლად, მოუწოდებენ საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისკენ. კონკრეტული ფონდების ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა, მიმართულია სამართალდამრღვევი პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის მატერიალური დახმარების უზრუნველსაყოფად. ხდება სამართალდამრღვევი პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდა და სხვა სახის პირადი თუ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა“,
— ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურის თანახმად, სამართალდამრღვევი პირების მატერიალურ მხარდაჭერას ახდენენ შემდეგი ფონდები:
„ნანუკას ფონდი“
„ფროსფერითი“
„ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“
„სირცხვილია“
„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“
პროკურატურის ინფორმაციით, მითითებული პირებს 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე დახარჯული აქვთ 2 000 000 ლარზე მეტი.
„დასახელებული „ფონდები“ მიღებული ფინანსური რესურსების ძირითად ნაწილს წარმართავდნენ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისებისთვის, ისევე როგორც ამ დანაშაულების ჩასადენად საჭირო ინვენტარის და საშუალებების შეძენისთვის, კერძოდ მითითებული „ფონდებიდან“ ხდებოდა თანხების მიღება/გაცემა, მათ შორის ტრანზაქციის დროს პირდაპირ მითითებული შემდეგი დანიშნულებით: „აქციის საჭირო აღჭურვილობისთვის“, „რაც საჭიროა ბრძოლისთვის“, „აქციებისთვის ინვენტარის შეძენა“, „პიროტექნიკის შესაძენად“, „აირწინაღის შეძენა წინა ხაზის ბავშვებისთვის“ და სხვა. როგორც გამოძიებით დგინდება, დიდი ოდენობით თანხები დანიშნულებით: „წინა ხაზის ბავშვებისთვის აირწინაღების შეძენა“, განკუთვნილი იყო იმ ძალადობრივი ჯგუფების დაფინანსებისთვის, რომლებიც სამართალდამცავებზე თავდასხმისას ე.წ. „წინა ხაზზე“ იმყოფებოდნენ და ახორციელებენ ძალადობრივ ქმედებებს“, — ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურის განცხადებით, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ „ე.წ. ფონდები, შეგროვებული ფინანსების ძირითად ნაწილს ახმარენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა ფინანსურ უზრუნველყოფას და ამით გარდა ძალადობრივი ქმედების დაფინანსებისა, ქმნიან მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით უკანონო ქმედებებში პირთა ჩართვის წამახალისებელ საფუძვლებს“, პროკურატურამ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 17 მარტს საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში განახორციელა მათი საბანკო ანგარიშების და მათზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღება.