სენატში MEGOBARI Act-ის განხილვა 27 მარტს ჩაინიშნა
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში MEGOBARI Act-ის განხილვა 27 მარტს ჩაინიშნა.
კომიტეტის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, სხდომა, რომელზეც ერთ-ერთი საკითხი ქართველი ხალხის მხარდამჭერი კანონპროექტია, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ განხილვა 11 მარტს იგეგმებოდა, თუმცა გადაიდო.
ამერიკელმა სენატორებმა ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა ორპარტიული კანონპროექტი, MEGOBARI Act-ი გასულ კვირას ხელახლა წარადგინეს. დოკუმენტი “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების და მათი მხარდამჭერების სანქცირებას მოითხოვს.
უფრო დეტალურად, MEGOBARI Act-ი შემდეგ საკითხებს მოიცავს:
აშშ-საქართველოს ურთიერთობის სრული გადახედვის ინიცირებას, დახმარების ყველა პროგრამის ჩათვლით;
ის აღიარებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას ევროატლანტიკური გაწევრიანების პროცესის ქვეყნის კონსტიტუციით გათვალისწინებული ვალდებულების მიმართ;
მოითხოვს პრეზიდენტმა სანქციები დაუწესოს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს და მათ მხარდამჭერებს, რომლებიც ჩართულნი არიან კორუფციაში, რათა შეაფერხონ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, შეარყიონ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ან ჩაერთონ სხვა კორუფციულ ქმედებებში, რომლებიც საზიანოა საქართველოში სტაბილურობისთვის;
ხალხთა შორის კავშირების და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას, როდესაც საქართველო შესაბამისობაში მოვა საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნებთან;
გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, განგრძობადი და უკანონო რუსული ოკუპაციის პირობებში.
ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის მიერ წარდგენილია “ქართული კოშმარის არაღიარების აქტი”, რომელიც კრძალავს ბიძინა ივანიშვილის ან მისი ლიდერობით მოქმედი საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას შეერთებული შტატების მხრიდან.