ახალი ამბები

თამბაქოს წარმოების სავალდებულო ლიცენზირების კანონი 2026 წლამდე გადავადდება

საქართველოში თამბაქოს წარმოებისთვის ლიცენზიის აღების ვალდებულება, რომელიც თავდაპირველად 2025 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გადაიდება.

აღნიშნული ცვლილება “ქართული ოცნების” დეპუტატების მხრიდან უკვე ინიციირებულია საქართველოს პარლამენტში.

კანონი, რომელიც თამბაქოს წარმოებას ლიცენზირებად საქმიანობად განსაზღვრავს, გასული წლის ივლისში იქნა მიღებული. ამ რეგულაციების თანახმად, მწარმოებლებს ლიცენზიის მისაღებად 50,000 ლარის გადახდა უწევთ. გარდა ამისა, მათ მოუწევდათ სპეციალური ლაბორატორიის მოწყობა, სადაც უნდა დადასტურდეს, რომ მათი პროდუქცია მთავრობის მიერ განსაზღვრულ სტანდარტებს შეესაბამება.

ლიცენზიის მოქმედების გადავადება სწორედ ლაბორატორიის მოწყობასთან დაკავშირებულ სირთულეებს უკავშირდება. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ლაბორატორიის აღჭურვის პროცესს სერიოზული ფინანსური და დროითი რესურსი სჭირდება. საჭირო ტექნიკის უმეტესი ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე არ იწარმოება, რის გამოც მწარმოებლებს მათი უცხოეთიდან შეძენა, იმპორტი და დამონტაჟება უწევთ.

„ლაბორატორიული დანადგარების შესაძენად, მათი ტრანსპორტირებისა და ინსტალაციისთვის საჭირო პროცესები, მათ შორის მწარმოებელი ქარხნების ტექნიკური ჯგუფის ჩართულობა, ლაბორატორიის მოწყობას უფრო რთულ პროცესად აქცევს. არსებული მონაცემებით, ამ ეტაპზე სრული აღჭურვის, ტრანსპორტირებისა და მონტაჟისათვის საჭირო დრო 7-9 თვეს შეადგენს,“ – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

შესაბამისად, კანონპროექტის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ თამბაქოს წარმოების ლიცენზირების პროცესის გადავადება აუცილებელია, რათა კომპანიებმა მოასწრონ რეგულაციების სრული დაცვა და წარმოების კანონიერ ჩარჩოებში მოქცევა.