ახალი ამბები

თელაველი ბიზნესმენი, დავით თამარაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართავს

თელაველი ბიზნესმენი, დავით თამარაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართავს.

ბიზნესმენი ამბობს, რომ ღარიბაშვილთან დაახლოებულმა პირებმა, მის ძმას სამანქანო გზა გადაუკეტეს, ნების საწინააღმდეგოდ გააჩერეს და მისი შეშინება სცადეს. თამარაშვილის თქმით, ის გაჩერებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ თელაველი ბიზნესმენი ღარიბაშვილის ბიძას დევნასა და ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებს.

აღნიშნულ საკითხზე გამოქვეყნდა ასევე რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიება, სადაც საუბარია ბიზნესის წართმევასა და გარჩევებზე, ირაკლი ღარიბაშვილის ბიძის ზურაბ გონაშვილის, იგივე „კაკაშას“ მონაწილეობით.

,,ბატონო ირაკლი ღარიბაშვილო,
თქვენი ქოლგის ქვეშ მოქმედი არაფორმალური კრიმინალური დაჯგუფების წევრებმა გიორგი გოგოთიძემ და რამაზ ივანიძემ ამ ოთხი დღის უკან ყვარელში, საავტომობილო გზაზე მიმავალ ჩემს ძმას ლევან თამარაშვილს გადაუკეტეს მოძრაობა, ერთის მხრივ „საკუთარი ძალის“, ხოლო მეორე მხრივ „გზავნილი გაკეთდა“ ჩემთვის „ჭკუის სასწავლებლად“ იმის „დემონსტრირებისთვის“, რომ თუ არ შევწყვეტავ სამართლებრივ ბრძოლას ელდარის გამო, იქნება „შემდგომი ნაბიჯებიც“. თქვენ ზუსტად ხვდებით რა ნაბიჯებზეც არის საუბარი!

მდგომარეობა იმაზე რთულია, ვიდრე თქვენ ანდა მამათქვენი აცნობიერებთ. ასეთი „მეთოდების“ გამოყენება ამძიმებს რეალობას, იმ ფონზე როდესაც რამაზ ივანიძე და გიორგი გოგოთიძე ამზადებენ პროვოკაციას, რათა მოხდეს ჩემი განეიტრალება.

საჯარო მიმართვების ჩემეული ფორმატი საშუალებას იძლევა დაინტერესებულ საზოგადოებას, ასევე შესაბამის სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდეთ ინფორმაცია ჩემს თავს მიმდინარე მოვლენების შესახებ, რათა სამომავლოდ, როდესაც ქვეყანაში იქნება სამართალი და სამართლიანი სამართალდამცავი სისტემა, საშუალება მოგვეცეს თქვენ და მე მტკიცებულბებზე დამყარებული სამართლებრივი ბრძოლისთვის!

ვიდრე ეს მოხდება, მანამდე მთელს პასუხისმგებლობას გაკისრებთ პირადად თქვენ, განსაკუთრებით თქვენს მამას ჩემი ოჯახის რომელიმე წევრზე განსახორციელებელი ნებისმიერი ტიპის ძალადობაზე!

არსებული პოლიტიკური სისტემა და სამართლებრივი გარემო გიცავთ მხოლოდ თქვენ და თქვენნაირ პოლიტიკურ კლასს, და არა საზოგადოების რიგით წევრებს, მათ შორის ბიზნესმენებს. ესაა ჩვენი დღევანდელი რეალობა და არ გაჩერდება ეს ბრძოლა, ვიდრე არ გვექნება სამართლებრივი სახელმწიფო!

პ.ს. მე დაბლოკილი ვარ ფბ გვერდზე ირაკლი ღარიბაშვილის ადმინს, რის გამოც ამ წერილზე წვდომას ტექნიკურად ვერ ვანხორციელებ ახლა, მაგრამ მჯერა ეს წერილი მასთან მალე მივა“,- წერს დავით თამარაშვილი.