იურისტის რჩევები – როგორ უნდა მოიქცეთ, თუ გზის გადაკეტვისთვის 5 000 ლარით დაგაჯარიმებენ
იურისტი, საია-ს ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში იმ რჩევებს აზიარებს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, თუ გზის გადაკეტვისთვის 5 000 ლარით დაგაჯარიმებენ.
28 ნოემბრის შემდეგ, მშვიდობიანი საპროტესტო აქციებისა და მსვლელობის დროს გზის გადაკეტვის ბრალდებით სამართალდარღვევის ოქმი ათობით მოქალაქეს შეუდგინეს. სასამართლო განხილვები კი, უმეტესად მოქალაქეების გაზრდილი სახდელით, 5000 ლარით დაჯარიმებით სრულდება. მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა შსს-ს სასამართლოში მყარი მტკიცებულებები წარდგენილი.
“გზის გადაკეტვაზე ჯარიმას ვისაც დაგიწერენ და ოქმს ჩაგაბარებენ, მომწერეთ და საჩივრის ნიმუშს გამოგიგზავნით, მარტივად რომ შეძლოთ გასაჩივრება.
გასაჩივრება ორი მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი:
- სისტემა რომ გადავტვირთოთ და სხვების დასაჯარიმებლად ნაკლები რესურსი დავუტოვოთ რეჟიმს;
- ჯარიმის გასაჩივრებით მის მოქმედებას გავაჩერებთ მანამდე, სანამ საჩივრის განხილვა არ დასრულდება (ჯერ შსს-ში, შემდეგ კი სასამართლოში ორ ინსტანციაში). ეს კი გადატვირთული სისტემის პირობებში ცოტა ხანს არ წაიღებს”, – წერს იურისტი.

