ახალი ამბები

სამოქალაქო აქტივისტი- აქციას ვმართავდი და გურჯაანის მერიის შენობიდან წყალი გადმომასხეს

სამოქალაქო აქტივისტი და პედაგოგი თორნიკე თევზაძე, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ აქციას მართავდა, აცხადებს, რომ უწყების შენობის ტერასიდან ვედრით წყალი გადმოასხეს.

თორნიკე აცხადებს, რომ ეს იყო მის მიმართ განხორციელებული გამიზნული ქმედება, რომ მას პროტესტი შეეწყვიტა. მისივე თქმით, ის ასევე თბილისსა და თელავში მიმდინარე ყოველდღიური საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა.

„წყალი გამიზნულად გადმოასხეს იმიტომ, რომ დილიდან იქ ვიყავი და აქციას ვმართავდი. ამ სიცივეში ადამიანისთვის წყლის გადმოსხმა ნიშნავს, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას. რათქმაუნდა უკმაყოფილოები არიან ჩემი პროტესტით. გარდა ამისა, მერიის შენობიდან პერიოდულად მაგინებდნენ და შეურაცხყოფას მაყენებდნენ. ამით ვერ შემაშინებენ, მე პროტესტს გავაგრძელებ“, – განაცხადა თორნიკე თევზაძემ.

თორნიკე ამბობს, რომ როგორც აქციების სხვა მონაწილეების, ისე მისი მოთხოვნებია ხელახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლება. აღნიშნულ საკითხზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მსგავს ფაქტს მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

„მსგავსი არაფერი მომხდარა. თორნიკე დილიდან აქ იმყოფება, აქციას მართავს და დროდადრო მერიის თანამშრომლებს შეურაცხყოფას გვაყენებს. ჩვენ მასთან დიალოგში არ შევდივართ“, – განაცხადეს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

თორნიკე თევზაძე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მოუწოდებს, გაასაჯაროოს შენობაში და შენობის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეო სამეთვალყურეო კამერები, სადაც კარგად უნდა ჩანდეს წყლის გადმოსხმის ფაქტი.

კახეთში, საქართველოს სხვა რეგიონების და თბილისის მსგავსად საპროტესტო აქციები ნოემბრის ბოლოდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მთავრობამ გამოაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს. აქციები ყოველ დღე იმართება, თელავსა და ახმეტაში.