ახალი ამბები

საგარეჯოში, ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები საპროტესტო აქციას მართავენ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული 200-მდე მუშა საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტის თავარი მიზეზი ამ დრომდე მიუღებელი ხელფასებია.

მათი თქმით, ზოგ დასაქმებულს ორი, სამის და ოთხის ხელფასი ამ დრომდე ასაღები აქვთ და როდის დაფარავს კომპანია აღნიშნულ დავალიანებას, მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. აქციის მონაწილეების თქმით, ახლა ავტობანის სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია.

“ზოგი ტექნიკაზე მუშაობს, ზოგი არმატურას ალაგებს. თითო თვის ხელფასი დაახლოებით ორი ათასი ლარია. გვეუბნებიან ორ დღეში მოგცემთო, მაგრამ ეს ბევრჯერ გვითხრეს და ხელფასები ისევ ასაღები გვაქვს. ასე გვატყუებენ სამი თვეა. სამუშაოებს არ დავიწყებთ, სანამ დავალიანებას არ მოგცემენ“ – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

კომპანიაში ამ დრომდე, აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

კახეთში ავტობანის მშენებლობა საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთზე მიმდინარეობს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საგარეჯო-ბადიაურის 4 ზოლიან საავტომობილო გზას კომპანია Gocay Insaat Taahhut ve Ticaret Anonim Sirketi აშენებს.

ფოტო: რადიო თავისუფლება