ახალი ამბები

საქართველოში ნადირობის რეგულირება იგეგმება

საქართველოში ნადირობის რეგულირება იგეგმება. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების მიღება საგაზაფხულო სესიაზეა დაგეგმილი.

როგორც პარლამენტის 2025 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმაშია ვკითხულობთ, საქართველოში ბოლო წლებში გახშირებულმა უკონტროლო ნადირობამ და გამოვლენილმა კანონმდებლობის ნაკლოვანებებმა აჩვენა, რომ მოქმედი სამართლებრივი ნორმები ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს. შესაბამისად, დღის წესრიგში დგას სფეროს ახლებურად მოწესრიგების საჭიროება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ შეესაბამება საერთაშორისო და ევროპული კანონმდებლობის მოთხოვნებს.

რაც შეეხება „ნადირობის შესახებ“ კანონპროექტის ძირითადი მიზნებს და ამოცანების, დოკუმენტში შემდეგნაირად არის გაწერილი:
ნადირობის ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი ინტერესების თანაბარი გათვალისწინება და სანადირო სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს (ჰაბიტატი) მდგრადი მართვა;
საქართველოს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, კერძოდ, ფაუნის ცალკეულ სახეობათა რიცხოვნობის ზრდა მათი აღრიცხვის, მონიტორინგისა და აღწარმოების ღონისძიებების გამოყენებით;
ნადირობის ტრადიციის შენარჩუნება და სოციალური თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული სანადირო სისტემის შექმნა;
სანადირო სექტორის ეკონომიკური პოტენციალის ხელშეწყობა.