ახალი ამბები

გურჯაანში გარევაჭრობის გამო რამდენიმე პირი დააჯარიმეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში გარევაჭრობის გამო რამდენიმე მოვაჭრე 2 ათასი ლარით დააჯარიმეს.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ზვიად პეტრუზაშვილის განმარტებით, უწყებამ მოვაჭრეები 10 დღით ადრე გააფრთხილა და ალტერნატიული ფართი შესთავაზა საქმიანობის გასაგრძელებლად. მისივე თქმით, მოვაჭრეთა ნაწილი შეთავაზებას დასთანხმდა, ნაწილმა კი უარი განაცხადა, რის გამოც ისინი დაჯარიმდნენ.

,,155-ე მუხლის მე-6 ნაწილის პირველი პუნქტის მიხედვით, გარემოვაჭრეებს მიეცათ 10 დღე რომ გაეთავისუფლებინათ გარევაჭრობის ტერიტორიები და შესულიყვნენ ალტერნატიულ ადგილებში. 10 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ იძულებულები გავხდით, რომ კანონიერი აღსრულება დაგვეწყო. რამდენიმე გარემოვაჭრე დაჯარიმდა 2 ათასი ლარით. გურჯაანის ცენტრალურ ქუჩებზე არ შეიძლება და არ დაიშვება გარევაჭრობა”.

გარემოვაჭრეთა ნაწილი აცხადებს, რომ ცენტრისგან მოშორებით პროდუქტს ვერ ყიდიან და შემოსავლის გარეშე დარჩებიან.

,,გარემოვაჭრეების ნაწილი შევიდა აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, ნაწილი არა. რა ადგილებიც შემოგვთავაზეს, იქ ვერაფერს გავყიდით და რისთვის წავიდეთ? ისედაც ძლივს ვირჩენთ თავს, სოციალური ფონი მძიმეა და კიდევ ეს პრობლემები გვინდა?”,– აცხადებენ გარემოვაჭრეები.

,,გაჭირვებულები ვართ, შემოსავალი არცერთი თეთრი არ გვაქვს გარდა ვაჭრობისა. აქაც შეზღუდვები და ჯარიმებია. ე.წ. ,,ქუვეითის” ტერიტორიაზე რა უნდა გავყიდო ვინმე გვეტყვის? რომ წავიდეთ, რისთვის? ალტერნატიული ფართები ისეთი უნდა ყოფილიყო რომ ღირდეს გადასვლა. ან იქ მოსახლეობა როგორ ივლის?”

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ რუსთაველისა და წმინდა ნინოს ქუჩებზე გარევაჭრობა 2019 წელსაც აკრძალა. ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეებს საქონლის გაშლის და გაყიდვის უფლება აუკრძალეს.