ახალი ამბები

ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება – PACE-ის რეზოლუცია

114 მომხრე, 13 წინააღმდეგი – ევროსაბჭომ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა მოთხოვნილი, ასევე, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და განსაზღვრულია “ქართული ოცნების” დელეგაციის ცნობისთვის კონკრეტული დათქმები.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიხედვით, ACE საქართველოს დელეგაციას აღიარებს იმ პირობით, თუ აპრილამდე ახალი, ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ორგანიზება მოხდება, რომელიც მკაცრი საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ და სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკური დამოუკიდებლობის პირობებით ჩატარდება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომდევნო სესიაზე PACE საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს გადახედავს და რეზოლუციაში წარდგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, მისი ჩამორთმევის საკითხი დადგეს.

რეზოლუციის ტექსტით გათვალისწინებული შეზღუდვების მიხედვით, ოცნების დელეგატებს აღარ ექნებათ:

• პოლიტიკურ საქმეთა და დემოკრატიის, მონიტორინგის, სამართლებრივი საქმეებისა და ადამიანის უფლებების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის, პროცედურული კანონების, იმუნიტეტისა და ინსტიტუციურ საქმეთა კომიტეტების სრული ან მოადგილეობრივი წევრობის უფლება;

• არჩევნების დამკვირვებელი კომიტეტების წევრობის უფლება; მომხსენებლად დანიშვნის უფლება;

• ასამბლეის საპრეზიდენტო ოფისის, კომიტეტის ან ქვეკომიტეტის თავმჯდომარის ან ვიცე თავმჯდომარის კანდიდატად წარდგენის უფლება;

• უფლება წარმოადგინონ ასამბლეა ევროპის საბჭოს ორგანოებში ბიუროს გადაწყვეტილებით და უფლება წარმოადგინოს ასამბლეა პერიოდულად ევროპის საბჭოს ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციების ან საპარლამენტთაშორისო ასამბლეების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე, შეხვედრებზე, კონფერენციებზე.