რეგიონის ავტოსადგურებმა სერტიფიცირების გადავადება მოითხოვეს
რეგიონის ავტოსადგურებმა სავალდებულო სერტიფიცირების რეფორმების გადავადება მოითხოვეს, თუმცა, კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის – ამის შესახებ დიდუბის ავტოსადგურის დირექტორმა ნესტორ მიქატაძემ განაცხადა.
„შეხვედრაზე მიწვეული ვიყავით ავტოსადგურების წარმომადგენლები და განვიხილეთ საკითხები, რომლის ნაწილიც ძალაში შედის 2025 წლის 1-ლი მარტიდან, ნაწილი – 1-ლი ივნისიდან. რეგიონის წარმომადგენლებმა გააჟღერეს გადავადების [სერტიფიცირების] საკითხი, მაგრამ საკითხი არ გადაწყვეტილა და ვერც გადაწყდებოდა. საკითხი დასმული იქნა განსახილველად“.
1-ლი მარტიდან რეისში ვერ გავა ვერც ერთი მძღოლი, რომელსაც სულ მცირე წელიწადში ერთხელ არ აქვს გავლილი სამედიცინო შემოწმება;
ასევე, საავტომობილო სამგზავრო გადაყვანას არ განახორციელებს პირი, რომელსაც არ გააჩნია საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა.
1-ლი ივნისიდან ავტოსადგურების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება.
სერტიფიცირების ფასი სადგურის კატეგორიის მიხედვით 1000-ლარიდან 10 000-ლარის ფარგლებში მერყეობს. სერტიფიკატი გაიცემა 5 წლის ვადით. ამავე პერიოდიდან გარკვეულ ავტომობილებს სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის გამოყენებაზე შეამოწმებენ.
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში შესული ცვლილების მიხედვით, ავტოსადგურები საერთაშორისო პრინციპების შესაბამისად მოწესრიგდება. რეფორმის პირველი ეტაპის მოთხოვნები, რაც სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო ნორმებთან შესაბამისობას მოიცავს, გადამზიდავებმა 2024 წლის თებერვლამდე უნდა დააკმაყოფილონ. ამასთან, რეფორმის ფარგლებში ავტოსადგურები სერტიფიცირებას დაექვემდებარება, რომლის ჩატარების წესსაც საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.
კახეთში მცხოვრები მძღოლები ამბობენ, რომ სატრანსპორტო კომპანიებს ახალ მოთხოვნებზე მოსარგებად სახელმწიფოს მხარდაჭერა დასჭირდება.
,,ჩვენი სექტორი არ არის მზად რეფორმის განხორციელებისთვის მოკლე და შეზღუდულ ვადებში. საჭიროა ფინანსები და საიდან მოვიტანთ, სესხი ავიღოთ? როგორ დავფაროთ? ვისაც ვიცნობ ვფიქრობ, არავინ არის მზად ამისთვის. ფინანსური მხარდაჭერა დაგვჭირდება, დარგის სუბსიდირება გახდება საჭირო, საიდან მოვიტანთ ამ ხარჯებს?”
მღძოლები ფიქრობენ, რომ იმ შემთხვაში თუ რეფორმის განხორციელება დაიწყო, მგზავრობის საფასურის მომატება მოუწევთ.
,,მგზავრობის ფასი გაძვირდება და აქვს ხალხს ამისი საშუალება? ძალიან კარგია რეფორმა, გამართული და მოწესრიგებული ავტოსადგურები და მარშუტკები, მაგრამ თავისი სირთულე ახლავს. გაძვირდება ყველა ის სერვისი რასაც ჩვენ ვიღებთ. გვინდა თუ არა, მოგვიწევს ფასის მომატება”.
საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის ინფორმაციით, დარგში არსებული პრობლემები მოსაგვარებელია. საქართველოში რეგისტრირებულია 55 210 მიკროავტობუსი და ავტობუსი. აქედან, ინსპექტირებაზე არც ერთხელ არ გამოცხადებულა 36 560, რეგისტრირებული ავტოტრანსპორტის 68.2%.

