ახალი ამბები

მაკა მოსიაშვილი- ვისაც ერთი ღამე არ გაუტარებია ციხის უჟანგბადო ოთახში, მისთვის წარმოუდგენელია, გაიგოს რას გრძნობს მზია ახლა

ჟურნალისტი, თელავში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი მაკა მოსიაშვილი, ონლაინგამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

მაკა მოსიაშვილი განმარტავს, რომ ვისაც ერთი ღამე არ გაუტარებია ციხის უჟანგბადო ოთახში, მისთვის წარმოუდგენელია, გაიგოს რას გრძნობს მზია ახლა. ის ასევე აცხადებს, რომ მზია, რომელიც მე-17 დღეა შიმშილობს, საავადმყოფოში ან სამედიცინო დაწესებულებაში უნდა იყოს გადაყვანილი.

,,ვისაც ერთი ღამე მაინც არ გაგიტარებიათ ციხის უჟანგბადო ოთახში, მათთვის წარმოუდგენელია, გრძნობდეს იმას, რა წუთებსაც მზია ახლა გადის. იმ საკანში, წუთს უფრო მეტი წამი აქვს ვიდრე, „ვახტის“ გარეთ, რომ საათი ითვლის წამზომს. თავიდან სადაც ბინადრობ, ის ადგილი ოთახი გგონია, მაგრამ პირველივე ღამის მერე ხვდები რომ, ეს ოთახი არ არის, ეს საკანია. ნარზე წამოწოლილი თვალებით ჭერს ძებნას რომ დაუწყებ, აღმოაჩენ, რომ ჭერის ნაცვლად ზემოდან მეორე ნარის ფიცარს უყურებ და აწ უკვე გასული პატიმრების ნაწერების კითხვას იწყებ.

აქ იყო მოსიკო, შეიძლება ეგეც ეწეროს. ვიღაცა თავისი წარწერით, ნუგეშს გიტოვებს რომ გახსოვდეს, ზემოდან რომ ეს ფიცარი გადევს, კუბო არ უნდა გეგონოს. ეს მხოლოდ ჯებირია, შენსა და ფიზიკურ თავისუფლებას შორის. თორემ ყველაზე თავისუფალი ციხეში ხარ (მე რომ მკითხოთ).

მერე ფიქრს მიჰყვები და შენს თავს ეკითხები, მე დღეს აქ რატომ ვარ? ვინც ვიცოდით რატომ ვიყავით, მათთვის ალბათ შედარებით იოლი იყო, ამ რთული დღეების გამოვლა. მაგრამ მზიასთვის ადვილი არ არის, იმ ნაცრისფერ ოთახში მისი ადგილი არ არის, უბრალოდ ესმის, რომ ქვეყნის თავისუფლებისთვის მისი ბრძოლა ახლა იმ საკანზეც გადის გზას. უსამართლობისათვის ბრძოლას დღეს საკუთარი ჯანმრთელობით, ეწინააღმდეგება და პროტესტის ნიშნად შიმშილობს. საპყრობილის რეჟიმზე შიმშილობაზე რთული არაფერია, მზია კი საპყრობილის რეჟიმის საკანშია ახლა.

დილით, შუადღისას და საღამოს როდესაც ,,ბალანდიორი”, ოთხ ბორბალზე ორ ქვაბს შემოაგრიალებს კორპუსზე, ციხის საჭმლის, იგივე ,,ბალანდის” სუნი პატიმართა სატყუარად დაქრის საკნიდან საკანში. საკანი ცუდი საავადმყოფოს პალატაა, საკნის ,,რეშკა” თავი ბოლო 25 სანტიმეტრით იხსნება, ოდნავ ზემოდან დამრეცით, მის წინ სამი გისოსია მსხვილი, შედარებით წვრილი და „სეტკა“. მზე გაცრილი სხივებით მოცურავს ამ დამრეცილ სარკმელში.

როდესაც შიმშილს იწყებ, თავის ტვინს განსაკუთრებულად სჭირდება ჟანგბადი, საკანს კი არასდროს არ აქვს იმდენი ჟანგაბადი, რომ მოშიმშილე ადამიანის თავის ტვინის უჯრედები შეავსოს. ამიტომ მისი წნევა ხან ვარდება, ხან მაღლა იწევს. საკანში მყოფი მოშიმშილის ადგილზე ნახვის უფლება ადვოკატს არა აქვს, იქამდე მხოლოდ სახალხო დამცველს შეუძლია შესვლა. მე-17 დღეა ადამიანი უჟანგბადო ოთახში შიმშილობს, გგონიათ სადმე გავლის უფლება აქვს?! 12 კვადრატ ოთახში ნარზე წევს, მარტო. ხან და ხან თუ კონტროლიორი ,,რეშკიდან” შეხედავს. ექთანიც დილა შუა დღე, საღამო შეუვლის და წნევას გაუზომავს. გრაფაში დაწერს, წნევა …. წონა….

ალბათ, სამ სანუგეშო სიტყვას ეტყვის, ნურავისთვის იკლავ თავს. გადაიყვანეთ მზია საავადმყოფოში ან სამედიცინო ნაწილში, ნუ აწამებთ და ნუ ახალისებს სახალხო დამცველი წამებას სტაბილურად!თავისუფლება მზიას!, თავისუფლება მზიას!, თავისუფლება მზიას!”– წერს მაკა მოსიაშვილი.