ახალი ამბები

ადგილობრივები- გურჯაანის მერიამ აუტიზმის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბავშვების ნაწილს თერაპიის რაოდენობა შეუმცირა

აუტიზმის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ოჯახები, გურჯაანის მერიის მიერ დაფინანსებული სეანსების გაუქმებასა და დაფინანსების შეწყვეტაზე საუბრობენ. მათი თქმით, უწყებამ 4 მნიშვნელოვანი სეანსის დაფინანსება შეუწყვიტათ.

პროგრამით მოსარგებლეები აცხადებენ, რომ 12 სეანსიდან, საიდანაც 8-ს სახელმწიფო პროგრამა აფინანსებს, 4-ს კი მერიის დაფინანსებით იღებდნენ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში მცხოვრები სოფიკო ბარბაქაძე ამბობს, რომ მისი 4 წლის შვილისთვის, რომელსაც ქცევითი ჩამორჩენა და მეტყველების შეფერხება აქვს, ყველა გაკვეთილის გავლას დიდი მნიშვნელობა აქვს.

მისი განმარტებით, უწყებაში მას განუცხადეს, რომ აღნიშნული გაკვეთილები მათ საკუთარი სურვილით დაამატეს, ახლა კი გაუქმება და სხვებზე გადანაწილება მოუწიათ.

,,ვიღებდით დაფინანსებას ადრეული განვითარების ცენტრში სიარულისთვის. ჩემი შვილი 4 წლის არის, აქვს ქცევითი ჩამორჩენა და მეტყველების შეფერხება. ბავშვი დამყავს სპეციალისტთან. გვქონდა 12 უფასო გაკვეთილი. აქედან 8 სახელმწიფო დაფინანსებით და 4-ს მერია გვიფინანსებდა. ორი დღის წინ მერიიდან მომივიდა დადასტურების მესიჯი, მეგონა რომ აღადგინეს დაფინანსება და იქ მისულს მითხრეს, რომ გაუქმდა ის 4 გაკვეთილი.

მიზეზი თუ რატომ მოგვიხსნეს დაფინანსება რომ ვიკითხე, მითხრეს, რომ სერვისის მიღების მსურველი ბავშვების რაოდენობა გაიზარდა და სეანსების და თანხის სხვანაირად გადანაწილება მოხდა. მითხრეს ზოგ ბავშვს 12 გაკვეთილი ჰქონდეს და ზოგს მხოლოდ ოთხიო? თუ ასე იყო მაშინ შუაზე უნდა გაყოფილიყო საგაკვეთილო საათები და 6 გაკვეთილი უნდა ჰქონდეს ჩემს შვილს და 6 სხვას. ისიც მითხრეს, რომ ის 4 გაკვეთილი, რაც გაგვიუქმეს, მერიამ საკუთარი სურვილით დააფინანსა ადრე და ახლა მოიხსნაო. მერიაში ზოგი რა მიზეზს გვეუბნება ამასთან დაკავშირებით და ზოგი რას. ერთი პასუხი არ აქვთ.

ჩემი შვილისთვის ერთ გაკვეთილსაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს 4 გაკვეთილი რამდენიმე ბავშვს მოეხსნა, რაც ძალიან ცუდია. ჩვენ მაგალითად მეტყველების გაკვეთილი ჩამოგვეჭრა, რომელიც ჩემს შვილს ძალიან სჭირდება. ყველას არ აქვს საშუალება, რომ გაკვეთილში თანხა იხადოს. მე შარშან რომ განცხადება შევიტანე ასევე გზის თანხის დაფინანსებაზე, ამაზეც უარი მითხრეს. ახლა მითხრეს მოგცემთო ამ ხარჯებს მაგრამ არ მაქვს იმედი. აღსანიშნავია, რომ ყველა ბავშვს, რომელი თელავსა და გურჯაანში დადის გაკვეთილებზე, შეუმცირეს გაკვეთილები და დაფინანსება’’,- განუცხადა Knews.ge-ს სოფიკო ბარბაქაძემ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ის სეანსები, რომლებიც სახელმწიფო პროგრამაში ჩართულებს უფინანსდებოდათ, ისეთ პირებზე გადანაწილდა, რომლებიც ვერც სახელმწიფო პროგრამით ვერ იღებენ შესაბამის სერვისებს.

,,ჩვენი პროგრამა ითვალისწინებდა აუტიზმის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული მოქალაქეებისთვის სეანსების დაფინანსებას. ამ ბავშვებს დამატებით 4 სეანსს უფინანსებდა უწყება. გარდა ამისა, ხომ გვყვავს სახელმწიფო პოროგრამაში ჩართვის მომლოდინეები, 2 ბავშვი თითქმის 2 წელი ელოდებოდა ამ პროგრამაში ჩართვას. ამ ბავშვებისთვის გვაქვს წელიწადში 8 სეანსი.

რეალობა კი ის არის, რომ გურჯაანის მერიამ, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ მოქალაქეებს გაუჩერა თავისი ინიციატივით დანერგილი ის 4 სეანსი და მხოლოდ მომლოდინეებს, რომელიც ჯერ სახელმწიფო პროგრამით ვერ სარგებლობენ, იმათ დაუფინანსებს 8 სეანსს. აღსანიშნავია, რომ გაზრდილია მომლოდინეთა რაოდენობა და ეს ბავშვები ისე რომ არ დარჩენილიყვნენ, ის გამონთავისუფლებული საათები მათზე გადანაწილდა. ასევე პროგრამაში ჩართულ მოქალაქეებსაც და მომლოდინეებსაც, მერია უფინანსებთ გზის ხარჯებს. 2024 წელს, სულ 111 ბენეფიციარი გვყავდა და ამ მიმართულებით 180 000 ლარი დაიხარჯა’’,- აცხადებენ მერიაში.

ადრეული განვითარების სპეციალისტი ტატა კუტალაძე knews.ge-სთან საუბრისას, იმ საკითხებსა და საჭიროებებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც აღნიშნულ პროგრამაში ჩართული ბავშვებისთვის აუცილებელია. მისი განმარტებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებში ქცევის თერაპია რეკომენდებულია კვირაში 20-დან 40 საათამდე და ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

,,ბოლო წლებში, განვითარების ეტაპების სხვადასხვა ტიპის შეფერხებებმა მკვეთრად იმატა. შესაძლოა, ამ მზარდ ციფრებს განაპირობებდეს ის ფაქტორიც, რომ მეტად მისაწვდომია დიაგნოსტირება. თუმცა, ამ პროცესში, უმნიშვნელოვანესია, პრობლემის დროული იდენტიფიცირება. შემდეგ კი ბენეფიციარის ადრეული ინტერვენციის, ქცევისა და მეტყველების თერპიის პროგრამებში დროული ჩართვა და ინტენსიური მუშაობის დაწყება. კვლევები ადასტურებს, რომ რაც უფრო ინტენსიურია თერაპია, შედეგი სწრაფად დგება. მაგალითად მეტყველების შეფერხების მქონე ბავშვებში რეკომენდებულია თერაპია ჩატარდეს კვირაში 2 ან 3-ჯერ, რთულ შემთხვევებში – ყოველდღე. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებში ქცევის თერაპია რეკომენდებულია კვირაში 20-დან 40 საათამდე.

სამწუხაროდ, როგორც ირკვევა, 2025 წლის ზოგიერთი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი აღარ ითვალისწინებს იმ სიმბოლურ 4 თერაპიას, იმ შემთხვევაში, თუ ეს პიროვნება სხვა სახელმწიფო მაგალითად ადრეული ინტერვენციის პროგრამითაც სარგებლობს. კონკრეტულად ეს პროგრამა გულისხმობს თვეში 8 თერაპიის დაფინანსებას და პროგრამის მიზნები და პრინციპები რადიკალურად განსხვავდება სხვა ტიპის თერაპიებისგან. მაგალითად მეტყველების ან ქცევის თერაპიისგან. ისინი არ კვეთენ ერთმანეთს. საინტერესო იქნებოდა არგუმენტების მოსმენა, თუ რის საფუძველზე მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. შედეგზე ორიენტირებული მიდგომის შემთხვევაში, ამ ადამიანებს არათუ ვუმცირებთ საათებს, არამედ მაქსიმალურად ვცდილობთ მათ ჩართვას სხვადასხვა ტიპის თერაპიებსა და პროგრამებში. მაგალითად, რეგიონში რთულად მისაწვდომია ოკუპაციური თერაპევტის სერვისი და უმჯობესი იქნებოდა რეგიონული განვითარების თუ სოციალური ზრუნვის პროგრამებს ამ მიმართულებით ემუშავათ’’,- ამბობს ტატა კუტალაძე.