ახალი ამბები

კომპანია „მტევინო“ სოფელ ხაშმში კოტეჯების მშენებლობას გეგმავს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში მოქმედი კომპანია „მტევინო“, 2025 წელს კოტეჯების მშენებლობას და ტურიზმში ინვესტირების გაგრძელებას კვლავ გეგმავს.

კომპანიის დამფუძნებელი ნიკა ზაუტაშვილი აცხადებს, რომ კომპანია „მტევინო“- ს ყოველწლიურად რეალიზაციის ახალი ბაზარები ემატება, რაც კომპანიის ცნობადობას უწყობს ხელს და საბოლოო ჯამში მის პოზიციონირებაზეც ახდენს გავლენას.

„ჩვენთან როგორც მოგეხსენებათ ორ პლატფორმას შეხვდებით. ერთია მეღვინეობა, ხოლო მეორე ტურიზმი. ტურიზმში საკმაოდ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვაკეთებთ, სრულდება საცურაო აუზის მშენებლობის სამუშაოები, დავიწყებთ გაზაფხულიდან უკვე კოტეჯების აშენებას. მეღვინეობის მიმართულებით, დავამატეთ რამოდენიმე ახალი ღვინო – შევქმენით ახალი პროდუქტი. ასევე, ვმუშაობთ ახალ კონტრაქტზე და თუ ეს ახალი შეთანხმება დადასტურდება ანალოგიურად ინვესტიციის ჩადების საჭიროება გაჩნდება ჩვენს საწარმოში.

ყოველ წელიწადს ახალ-ახალი ბაზრები და ობიექტები გვემატება, როგორც საექსპორტო ასევე ადგილობრივი თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ინტერესი საკმაოდ მზარდია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი, რომელიც რა თქმა უნდა ისევე უმაღლესი გვაქვს, როგორც გვქონდა გახნის დღიდან“,- ამბობს ნიკა ზაუტაშვილი usiness Insider Georgia – სთან საუბრისას.

ცნობისთვის, მეღვინეობა “მტევინო” ახალი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ქართულ სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციებზე დაფუძნებულ თანამედროვე კონცეპტუალურ სივრცეს წარმოადგენს.