საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ 690 ათას გადააჭარბა
2024 წლის დეკემბერში საარსებო შემწეობა 690 496 ადამიანმა მიიღო. წინა თვესთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რიცხვი 4 554 არის გაზრდილი.
აქედან, თითქმის 230 ათასი ადამიანი სახელმწიფოს დასაქმებული ჰყავს სპეციალურად შექმნილი პროგრამით, რომლის ფარგლებშიც ამ პირებს ოთხი წლის განმავლობაში უნარჩუნდებათ სოციალურად დაუცველის სტატუსი და შესაბამისად, სახელმწიფო დახმარება. მათ დახმარებაზე დეკემბერში 70.6 მლნ ლარი დაიხარჯა.
აქ შედის როგორც საარსებო შემწეობის გაცემა, ასევე სახელმწიფო დასაქმების პროგრამის ფარგლებში გადარიცხული თანხა. 2025 წლის ბიუჯეტით სოციალური დახმარებაზე, სადაც საარსებო შემწეობაც შედის ჯამში 1.6 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება.
საქართველოში საარსებო შემწეობის პროგრამა ფინანსურად ეხმარება ყველაზე ღარიბ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 120 001-ზე ნაკლებია. სარეიტინგო ქულას განსაზღვრავს სოციალური მომსახურების სააგენტო და ის ასახავს ოჯახის შემოსავალსა და ქონებას. მას შემდეგ რაც მთავრობამ საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა აამოქმედა, იმ პირებს, რომლებიც ამ პროგრამაში არიან ჩართულნი, სააგენტო აღარ ამოწმებს და სტატუსი ოთხი წლის განმავლობაში უცვლელად უნარჩუნდებათ.