ახალი ამბები

ტურისტული საქმიანობისთვის რეგისტრაცია სავალდებულო გახდა

„ტურიზმის შესახებ“ კანონის თანახმად, ტურისტული საქმიანობის სუბიექტებს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დარეგისტრირების ვალდებულება ექნებათ. რეგისტრაციას აწარმოებს საჯარო რეესტრის სააგენტო.

კანონის თანახმად, ტურისტული საქმიანობის სუბიექტებად მიიჩნევა: ტუროპერატორი, ტურისტული სააგენტო, დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი, გრძელვადიანი დასვენებისა და დროის განაწილების ხელშეკრულებების მიმწოდებელი, ტურისტული გიდი, საფეხმავლო გამყოლი, რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებლები, კერძოდ, სამთო გამყოლი, სათხილამურო გამყოლი და ალპური გამყოლი.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლის თანახმადაც, ტურისტული საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე განხორციელებაზე ჯარიმების ამოქმედება გადავადდა. უფრო ზუსტად, ჯარიმების ნაწილი 2025 წლის ივნისიდან, ხოლო ნაწილი 2026 წლის იანვრიდან ამოქმედდება.