ახალი ამბები

მოსალოდნელია ძირითად საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდა – ISET

სადღესასწაულო სეზონზე გაზრდილი მოთხოვნა გამოიწვევს ძირითად საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდას. კვლევას ISET აქვეყნებს.

„ნოემბერში, ხაჭაპურის ინგრედიენტების უმეტესობისთვის ფასები ზომიერად გაიზარდა. ყველაზე მეტად, 4.4%-ით, საფუარის ფასი გაიზარდა, რომელსაც მოჰყვება ყველი (3.2%), რძე (2%), კარაქი (1.5%) და კვერცხი (1%).

ფქვილი იყო ერთადერთი ინგრედიენტი, რომელმაც მცირე კლება (-0.1%) დააფიქსირა, რაც გლობალურ ტენდენციას ასახავს. საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასი ოქტომბრიდან ეცემა, რეკორდული გლობალური მოსავლის გამო. ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, აშშ-ში ხორბლის წარმოება პროგნოზირებულს აჭარბებს.
ანალოგიურმა ტენდენციამ ევროპასა და აზიაშიც გაზარდა მარცვლეულის გლობალური მიწოდება, რამაც ფასების შემცირება გამოიწვია. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ფასების კლება საქართველოს მომდევნო თვეების განმავლობაში გადმოეცემა, რადგან გლობალური ფასების ცვლილებებს, როგორც წესი, ადგილობრივ ბაზარზე ასახვისთვის დრო სჭირდება.
თვიურ ზრდასთან ერთად, ხაჭაპურის ინგრედიენტების ფასები წლიურ ჭრილშიც გაიზარდა, მნიშვნელოვნად. საფუარის ფასი 20.1%-ით გაიზარდა, მას მოჰყვება კარაქი (14.1%), რძე (12.5%), ფქვილი (4.1%) და ყველი (3.4%)”, – ვკითხულობთ კვლევაში.
ამასთანავე, კვლევაში საუბარია სადღესასწაულო პერიოდის ფონზე ძირითადი საკვები პროდუქტის ფასების შესახებ მოლოდინებზე.
„სადღესასწაულო სეზონზე გაზრდილი მოთხოვნა და ზამთრის პერიოდში მოსალოდნელი მიწოდების შემცირება, სავარაუდოდ, გამოიწვევს ძირითად საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდას მომავალი თვეების განმავლობაში”,
– აღნიშნულია ISET-ის კვლევაში.