ვინ იმღერებს საახალწლოდ კახეთში და რამდენს გადაუხდიან
საახალწლო ღონისძიებებისთვის მომსახურების შესაძენად მუნიციპალიტეტებმა გამარტივებული შესყიდვები გამოაცხადეს. შესყიდვების ნაწილის შემთხვევაში, მხარეებმა ხელშეკრულება უკვე გააფორმეს, ნაწილის შესყიდვაზე თანხმობა მიიღეს, ნაწილი კი განხილვის ეტაპზეა.
სიღნაღი – ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი საახალწლო კონცერტისთვის ჯგუფი „ურსას“ მიწვევას ითხოვს. ამ შემთხვევაში შესყიდვის ღირებულება 25 250 ლარს შეადგენს. კონცერტი 29 დეკემბერს წნორში გაიმართება. მუნიციპალიტეტმა შესყიდვაზე თანხმობა უკვე მიიღო.
საგარეჯო – საახალწლო ღონისძიება დაგეგმილია 30 დეკემბერს. ღონისძიებას გააფორმებს ჯგუფი „რეგიონი“, რომელსაც 30 ათასს ლარს უხდიან. ხელშეკრულება უკვე დაიდო.
თელავი – ზაირა არსენიშვილის სახელობის თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა გამარტივებული შესყიდვით შეიძინა ნაძვის ხის ანთების ღონისძიების მომსახურება, რაშიც ბიუჯეტიდან 63 953 ლარი დახარჯა. ხელშეკრულება შპს „არტ ლაბორატორიასთან“ არის გაფორმებული.
ლაგოდეხი – ლაგოდეხის მერიის მიერ გამოცხადებულ შესყიდვაში აღნიშნულია, რომ საახალწლო ღონისძიებებზე ჯგუფი „სტატუსი“, ანრი ჯოხაძე და ნინო ბადურაშვილი იღერებენ, თუმცა ბადურაშვილმა და ჯოხაძემ განაცხადეს, რომ საახალწლო კონცერტებში არ მონაწილეობენ. მეორე გამარტივებული შესყიდვა მერიას „ურსას“ მომსახურებისთვის აქვს გამოცხადებული, ჯამური ღირებულება 25 250 ლარს შეადგენს. თანხმობა შესყიდვებზე გაცემულია, თუმცა ხელშეკრულება ჯერჯერობით გაფორმებული არ არის.